loader

მედია: „დარიალზე“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფმა უკრაინის მოქალაქემ ყელზე დაზიანება მიიყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მედია: „დარიალზე“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფმა უკრაინის მოქალაქემ ყელზე დაზიანება მიიყენა

სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“, ე.წ ნეიტრალურ ზონაში, სადაც რუსეთიდან დეპორტირებული 90-ზე მეტი უკრაინელი იმყოფება, უკრაინის ერთმა მოქალაქემ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანება მიიყენა - ყელი გაიჭრა - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ბუფერულ ზონაში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა რადიო თავისუფლებას ვიდეოკადრებიც მიაწოდეს, რომელშიც ჩანს, რომ რამდენიმე მათგანი გამშვები პუნქტის საზოგადოებრივი სივრცეში იმყოფება და პოლიციის თანამშრომლებისგან ცდილობს პასუხის მიღებას, როდემდე უნდა იყვნენ “გაუსაძლის პირობებში” და როდის მიეცემათ საქართველოს დატოვების შესაძლებლობა.

გამოცემის ცნობით, მათი ნაწილი ითხოვს უფლებას, რომ სომხეთში გადავიდნენ ან საზღვაო გზით დატოვონ ქვეყანა.

ისინი ამბობენ, რომ სარდაფის ტიპის სივრცეში, სადაც თითქმის ერთი თვეა იმყოფებიან, არაადამიანური პირობებია, დასაწოლი ადგილებიც კი არაა საკმარისი, ხელი არ მიუწვდებათ ნორმალურ საკვებზე, ადგილზე მყოფთა ნაწილს კი ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, კადრში ჩანს მამაკაცი, რომელიც ყავარჯნებით გადაადგილდება.

პოლიციელები უკრაინის მოქალაქეებს უხსნიან, რომ მათი პრობლემა უნდა მოაგვაროს უკრაინულმა მხარემ და რომ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მათ განთავსებას არ აიძულებენ, თუმცა ვერც იქაურობის დატოვების საშუალებას მისცემენ.

შსს-ში ამბობენ, რომ დაშავებულ კაცს დახმარება ადგილზე გაეწია, ის იქვე რჩება. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს-მ გუშინ, 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გასაყვანად და სამშობლოში უკან დასაბრუნებლად საქართველომ უკრაინას რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა და ახლა უკრაინული მხარემ დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებას საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.