"გულით ავადმყოფი ვარ, მეუღლე უმუშევარი მყავს, ფილტვებით ავადმყოფი ადამიანია ... სად წავიდე ... სად დავრჩე?" - გამოსახლება თბილისში
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს - ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. ერთ-ერთი პირი კორპუსის სახურავზეა ასული და ამბობს, რომ თუ გამოსახლება არ გაჩერდება, ის საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტება.
„ან ესენი გავლენ, ან მე ჩავალ აქედან. აქედან გადავხტები”,- აღნიშნავს მაცხოვრებელი.
საცხოვრებელ კორპუსში, 150- მდე ოჯახი ცხოვრობს.
როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, საცხოვრებელი კორპუსი კერძო მესაკუთრისაა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ამბობს, რომ შენობა ავარიულია და ის უნდა დაიცალოს.
მცხოვრებლების თქმითვე, 400-მდე ოჯახს ალტერნატიულ ფართს არ სთავაზობენ. მათივე განცხადებით, ისინი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან შეხვედრას არაერთხელ ითხოვდნენ, თუმცა მათთან არავინ მისულა.