ვრცელდება უმძიმესი კადრები, არიან გარდაცვლილები და დაკარგულები, წყალში მოცურავე ავტომობილები და დაზიანებული გზები - პეკინში სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან, განხორციელდა 80 000 ადამიანის ევაკუაცია
პეკინში ძლიერი წვიმის შედეგად, სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პეკინიდან 80 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
ასევე, ძლიერი წვიმების შედეგად, გზები და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ხოლო 136 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ პეკინსა და მიმდებარე პროვინციებში დიდი დანაკარგებია და მასშტაბური სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ბრძანება გასცა.
ძლიერი წვიმების საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოსცა ჰონგ-კონგმა. სინოპტიკოსების თქმით, პეკინის სამხრეთით მდებარე რეგიონს ტაიფუნი ემუქრება.
ტაიფუნ „კო მეის“ ჟეჟიანგის, ძიანგსუს და ანჰუის პროვინციებში ელიან.