loader

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

როგორც მან განმარტა, ვინაიდან დაცვის მხარე დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებს, გარკვეულ განმარტებას გააკეთებდა. ხუსკივაძის თქმით, საქმეში წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, ასევე საქმეში არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, თუ რამდენს შეადგენდა ტომოგრაფიის აპარატის რეალური ღირებულება.

მოსამართლის თქმით, თუ რატომ ამხელენ კონკრეტულ პირებს კონკრეტული ადამიანები დანაშაულში, ეს მომდევნო ეტაპზე გასარკვევია.

იქამდე კი, მისი განმარტებით, ჩადენილი ქმედების ხასიათით და სახელმწიფოს მიმართ მიყენებული ზარალის მიხედვით, აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არსებობდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.

პროკურორ ირაკლი მარშანიას განმარტებით, დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს.

პროკურორი ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე საუბრობდა. ამასთან, მარშანია აცხადებდა, რომ საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი, მათ შორის, დასაკითხია ბრალდებულთა ყოფილი თანამშრომლები და მათთან კავშირში მყოფი პირები, მათზე კი დაკავებულებს შესაძლოა გავლენა მოეხდინათ.

ასევე, პროკურორის თქმით, დაკავებულებს სახელმწიფო საზღვარი არაერთხელ აქვთ გადაკვეთილი, მოსალოდნელი სასჯელის შიშით კი, ვინაიდან ქმედება უალტერნატივოდ 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ისინი შესაძლოა, მიიმალონ.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ვასილ მხეიძის ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა განმარტა, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, ბრალდების მხარის მიერ გაჟღერებული საფუძვლები კი აბსტრაქტულია. მან მისი დაცვის ქვეშ მყოფის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილის, გიორგი ხაინდრავას ადვოკატი, თეონა გვაზავაც. მან სასამართლოს ხაინდრავას მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენება მოითხოვა, ამასთან აღნიშნა, რომ თუკი, სასამართლო ჩათვლიდა, რომ ეს თანხა საკმარისი არ იყო, ბრალდებულის კუთვნილი ქონება, 200 000 ლარის ღირებულებას შეადგენს და სწორედ, ამ ქონებით მოხდებოდა გირაოს უზრუნველყოფა. ასევე, ადვოკატის თქმით, სასამართლოს დამატებით სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებაც შეეძლო.

ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განმარტებით, საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. როგორც მან განმარტა, მხეიძის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმეა, რომელმაც მას ხელი დაადო, რათა "საკუთარი თავი ბორკილების დადებისგან ეხსნა".

ადვოკატმა მხეიძის მართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, ამასთან, განმარტა, რომ თუკი, სასამართლო თანხის მეტ ოდენობას ჩათვლიდა საჭიროდ, ისინი აღნიშნულის უზრუნველყოფას უძრავი ქონებით მოახდენენ. ამასთან, კაკაბაძემ დამატებით ნებისმიერი სხვა შემზღუდავი ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

წინასასამართლო სხდომა 17 სექტემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, ვლადიმერ ღუდუშაური დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ბრალს არ აღიარებენ. განაგრძეთ კითხვა>>>>