"სახლის ეზოში მდებარე სათავსოში, კაცმა თოფიდან გასროლით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეუღლეს" - ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" ბოდბეში 2022 წელს მომხდარ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს
უზენაესმა სასამართლომ დაასრულა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მომხდარი ფემიციდის საქმის განხილვა, რომელშიც „უფლებები საქართველო“ მოკლული ქალის არასრულწლოვანი შვილებისა და მშობლების ინტერესებს 2022 წლიდან იცავდა.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2025 წლის 6 ივნისის განჩინებით ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც მოძალადე კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
"უზენაესმა სასამართლომ 6 ივნისის განჩინებაში იმსჯელა დანაშაულის გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაზე და განმარტა, რომ მიუხედავად არსებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, განაჩენი არ უნდა გადაისინჯოს, რადგან მოძალადის მიერ ჩადენილი ქმედებისა და მისი მოტივის შინაარსობრივი შეფასებისას დგინდება, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა „ქალის მორჩილებაში ყოლისა და მისი ქმედებების კონტროლის სურვილით და ქალის დაქვემდებარებული როლის წარმოჩენის სურვილით“.
უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამ „უფლებები საქართველოს“ შესაძლებლობა მისცა, მოკლული ქალის არასრულწლოვანი შვილების დასაცავად შემდგომი ნაბიჯები გადაედგა. 2025 წლის 21 ივლისს ფემიციდის მსხვერპლის არასრულწლოვანმა შვილებმა „უფლებები საქართველოს“ დახმარებით მიმართეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს და 10 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფო კომპენსაციის მოითხოვეს.
„უფლებები საქართველო“ განაგრძობს არასრულწლოვანების სამართლებრივ წარმომადგენლობას, ვიდრე არ დასრულდება სახელმწიფო კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება.
საქმის დეტალები:
2022 წლის 4 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სათავსოში, მოძალადე კაცმა ერთლულიანი სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეუღლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად მსხვერპლი ქალი კლინიკაში 2022 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა.
„უფლებები საქართველო“ აღნიშნულ საქმეში გამოძიების ეტაპზევე ჩაერთო მსხვერპლი ქალისა და მისი არასრულწლოვანი შვილების სამართლებრივი ინტერესების დასაცავად.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, 2023 წლის 29 მაისის განაჩენით, მოძალადე მამაკაცი დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც პროკურატურამ, ისე მსჯავრდებულმა კაცმა. ეს უკანასკნელი მოითხოვდა გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში, მისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებას უფრო მსუბუქ დანაშაულზე და, შესაბამისად, სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო პროკურატურა ითხოვდა მოძალადის მიერ ჩადენილი ქმედების განსაკუთრებული სისასტიკის მაკვალიფიცირებელი ნიშნითაც მსჯავრდებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა მხარეთა სააპელაციო საჩივარი და, 2024 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა" - ნათქვამია ინფორმაციაში.