"ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს" - ბოლნისში პოლიციამ ძმები დააკავა
ქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ი. და 1995 წელს დაბადებული ქ.ი. ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბ.ი.- მ ძმის, ასევე ბრალდებულის სახით დაკავებული ქ.ი. - ს დახმარებით, 2006 წელს დაბადებულ გოგონას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.
სამართალდამცველებმა, მომხდარი დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი იმავე დღეს დაადინეს, ხოლო ბ.ი. და ქ.ი. ბრალდებულების სახით დააკავეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.