"მინდა, დღეს გაგვიშვათ, ეს გაფუჭებული კარი გაგვიღეთ და პირადად მოვალ და შევაკეთებ - ჩვენნაირი კრიმინალები თუ გყოლიათ? ღიმილი არ გვაკლდება სახეზე - აქედან რომ გავალ, მინდა ეს ამბავი იუმორისტულ ნომერში მოვყვე და დავივიწყო" - ონისე ცხადაძე მოსამართლეს
მინდა, დღეს გაგვიშვათ - დღეს ეს გაფუჭებული კარი გაგვიღეთ და პირადად მოვალ და შევაკეთებ, - ასე მიმართა აქციაზე დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს, აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
აღსანიშნავია, რომ ყველა ბრალდებულის ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პატიმრებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მიმართა.
„მე რასაც მივხვდი, რასაც მოვუსმინე ადვოკატებს, მგონი, ყველანაირი მიზეზი და გარემოება გაქვთ იმისა, რომ ჩვენს უფლებადამცველებს დაეთანხმოთ…. ჩემზე უკეთესად იცით, ეს ყველაფერი თქვენ და მინდა, რომ დღეს გადადგათ სწორი ნაბიჯი. მინდა, დღეს გაგვიშვათ.
ჩემს ფსიქიკაში არის ასეთი რამ, ის, რაც მე დამემართა, რეალურად ვერ აღვიქვამ, ვერ განვიცდი იმას, რასაც უნდა განვიცდიდე, რადგან ვერ ვდგავარ იმ ადამიანებთან, ვინც ამას განიცდიან. მინდა ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნის საშუალება მომცეთ. აქ, ზოგს შვილი ჰყავს დატოვებული…. ჩვენ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ ცარიელ ადგილებს აქედან გასვლის შემდეგ ერთ წამში ამოვავსებთ. ციხის არ გვეშინია, კი არ ვბლატაობთ და თავს ვინმეს კი არ ვაჩვენებთ, პირიქით, უფრო მეტად შევუწყობთ გამოძიებას ხელს და დავეხმარებით. მე არ მინდა, რომ ნასამართლობა მქონდეს, რადგან ეს ხელს შემიშლის ჩემს მიზნებში, რაც მაქვს სამომავლოდ დაგეგმილი… არსად მივიმალებით, პირიქით დაგეხმარებით.
მინდა დაფიქრდეთ, ოდესმე ჩვენნაირი კრიმინალები თუ გყოლიათ საბრალდებო სკამზე?! ადამიანებს ღიმილი არ გვაკლდება სახეზე, ამ სიტუაციაშიც კი მხნედ ვართ, კი რთულია მაგრამ... მთელი სულით და გულით ვგრძნობ, რომ ყველაფერი შეიცვლება და ის ადამიანები, რომლებიც ამას გავალებენ, აღარ იქნებიან…. ვინც ამ ყველაფერს გაკეთებინებთ და ვინც ამაში შეგითრიათ, იმათ საერთოდ არ აინტერესებთ!
აქედან რომ გავალ, მინდა ეს ამბავი ერთ იუმორისტულ ნომერში მოვყვე და დავივიწყო, არც ღვარძლი მექნება, არც ბოღმა და არც შურისძიების განზრახვა თქვენ მიმართ. ამ ინსტიტუტის, პროკურატურის გამო გააკეთეთ, პატივი ეცით თქვენს პროფესიას, რომელსაც ემსახურებით, რაღაც აბსურდში გვატარეს რვა თვე და მთავარმა გამომძიებელმა დაგვიდასტურა, ეს არის აბსურდიო. დღეს ეს გაფუჭებული კარი გაგვიღეთ და პირადად მოვალ და შევაკეთებ“,- განაცხადა ცხადაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს