"დილიდან თავს ზარი დამეცა! ძალიან მიყვარხარ და გული მტკივა.... განისვენე მშვიდად" - რადიო 106.4-ის დამფუძნებელი ზურა ჭელიძე გარდაიცვალა
რადიო 106.4-ის დამფუძნებელი ზურა ჭელიძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ზურა ჭელიძე მძიმე დაავადებას ებრძოდა. სამწუხარო ინფორმაციას მისი მეგობრები და კოლეგები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ნატალია ამაღლობელი:
"დილიდან თავს ზარი დამეცა! ზურა ჭელიძე არის ადამიანი, რომელმაც ბნელ 90-იანებში საუკეთესო სივრცე შექმნა თავისუფლებისთვის, გემოვნებიანი მუსიკისთვის და თვითგამოხატვისთვის. რადიო 106.4 არის ადგილი, სადაც ვმუშაობდი და სადაც ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. სადღაც 15 წლის ვიყავი, და "დი ჯეი ბარბარე" მერქვა ეთერში. ნამდვილი რადიო და ნამდვილი გამოცდილება ის იყო, თუ იყო. ჩემი კოლეგის, ჟორას ყველა სამადლობელო სიტყვას ვუერთდები და ზურა, მადლობა, რომ მომეცი საშუალება, მეგრძნო უსასრულო მუსიკა და თავისუფლება"...
ლულუ კახიანი:
"ჩემი პირველი "დირექტორი". ზურა, მადლობა იმ წლებისთვის, რაც 106-ში ერთად გავატარეთ. ძალიან მიყვარხარ და გული მტკივა. განისვენე მშვიდად"...
საშა კაცმანი:
"როგორ დამწყდა გული. ზურა იყო გენიოსი ფიზიკოსი და უკარგესი ადამიანი, აცხონოს ღმერთმა"...
დავით ჟორჟოლაძე:
"ზური, მადლობა შენ და მოვლანათა სვლას, შენი თანამებრძოლი რომ გამხადეთ! - რადიო 106, რომელიც შენ შექმენი ბნელეთის გასანათებლად, ნამდვილი ბრძოლა იყო... სწრაფვა მეტი სინათლისკენ. მადლობა ამ წლების მანძილზე გამოჩენილი ზრუნვისთვის... ჰუმანურობის გაკვეთილებისთვის, პროფესიული გამოცდილებისთვის, რომელსაც შენს გვერდით ყოფნის ყოველ წამს ვიღებდი.
მწამს, რომ ეს შენი ბოლო მიწიერი ბრძოლაც სინათლით სრულდება... საიქიო სინათლით... ესაა რომ, შენი საყვარელი ოჯახის, მშობლების და მეგობრების ტკივილით... და ყველაფრის პასუხად ღიმითით შენს სახეზე. ამ ღიმილით გიმახსოვრებ, იცოდე... ზური.
დაგვტოვა ზურა ჭელიძემ...
პანაშვიდები- სამშაბათი, ოთხშაბათი 5 საათიდან - შარტავას N18, პირველი სადარბაზო (ბულაჩაურის ქუჩიდანაც არის შესასვლელი). გამოსვენება ხუთშაბათს 3 საათზე - უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის მოპირდაპირედ მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან"...
თამარ ბირთვისელი:
"მადლობა ზურა, ჩემო Mr. President... მადლობა, რომ იზრუნე ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაზე. ნათელი და სანთელი ზურას სულს"..