ვახუშტი მენაბდე ანა წითლიძის ბრალდებებს პასუხობს - "...ამის მერე წავედი და ვკითხე მამაჩემს რა ხდებოდა..."
კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა "სოციალური დემოკრატიისთვის" წევრი ვახუშტი მენაბდე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ანა წითლიძის ბრალდებებს პასუხობს.
"ომში ვართ ავტორიტარულ რეჟიმთან, ყოველდღიურად და ყოველწუთიერად. ჩვენი მოძრაობა, სოციალური დემოკრატიისთვის წინააღმდეგობის ერთ-ერთი მძალვრი შენაკადია. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა, ამ ომში ან საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს სხვებს თავს ან წინააღმდეგობის ველი მოისუფთავოს და ასე იქცეს რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად. რადგან პირველი ვერ შეძლეს, სხვების გაშავებაზე გადავიდნენ, მაგრამ აქაც არაფერი გამოუვათ. ცუდი ის არის, რომ ისინი წინააღმდეგობის საბოტაჟით არიან დაკავებულები.
არ მეგონა სრულწლოვან ასაკში მამაჩემის საქმიანობაზე თუ უნდა ჩამებარებინა ანგარიში, მაგრამ, რაკი ამის საჭიროება გაჩნდა, გეტყვით, რაც ვიცი. ბოდიში, რომ გამოხმაურება დამაგვიანდა. მხოლოდ ზოგადად ინფორმაციას ვფლობდი ტენდერების შესახებ - ისიც იმიტომ, რომ როცა რამდენიმე თვის წინ მითხრეს, "მამაშენის ტენდერებს კუდს აბამენო", ამის მერე წავედი და ვკითხე მამაჩემს რა ხდებოდა. დღეს დილით დავაზუსტე დანარჩენი. ამან დრო წაიღო.
მამაჩემის შპს ფლობს ბეტონის ქარხანას, რომელიც ბეტონს აწვდის შესყიდვის მსურველებს, მათ შორის სახელმწიფოს. ამისთვის მონაწილეობს ტენდერებში, ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს. ეს ტენდერები არის ბეტონის მიწოდება სოფლებში გზის მშენებლობისთვის. ამაში რა არის საეჭვო, არ ვიცი (რამე თანამდებობა მიკავია და ვეხმარები ტენდერში გამარჯვებაში?), მაგრამ თუ ვინმეს რამე ეჭვი აქვს, ჯობია, ჯერ გამოიკვლიოს. თუმცა გასაგებია, რომ საკითხის გარკვევა არაა იმათი მიზანი, ვინც ბრალდებას მიყენებს.
ეს ხალხი ამ ამბის შესახებ ინფორმაციას სულ ცოტა რამდენიმე თვეა ფლობს. ახლა რომ წამოწიეს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ერთიანად გადაწყვიტეს ჩვენს მოძრაობაზე შეტევა: გუშინწინ გოტაზე და საზმაუს მარშზე, გუშინ ლუკაზე და ახლა ჩემზეც. მე მზად ვარ, ჩემი საქმიანობის შესახებ ყველა კითხვას ვუპასუხო. რაც შეეხება მამაჩემს და ჩემს ძმას, დღეს დილით ველაპარაკე და მათაც ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი.
რაც რეჟიმთან წინააღმდეგობაში ვარ ჩართული, ერთი მხრივ "ქოცები" სხვადასხვა ფორმით ცდილობენ ჩემზე საერთაშორისო დაფინანსების შესახებ ნეგატიური პროპაგანდა ააგორონ. ხან რა მოიგონეს ხან რა. და პარალელურად, მთელი ეს დრო, "ნაცები" ტენდერების თემას ამზადებდნენ. რახან ორივე მხრიდან გვიტევენ, ე.ი. სწორ გზაზე ვდგავართ" - წერს ვახუშტი მენაბდე.