რა ხდება ალასკაზე, ქალაქ ანკორიჯში ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე? - კადრები ადგილიდან
ალასკაზე, ქალაქ ანკორიჯში აშშ-ისა და რუსეთის სამიტი ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის წინ, უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ცნობით, ალასკაზე აშშ-ისა და რუსეთის სამიტი ორი ქვეყნის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრით დაიწყება.
„მოსალოდნელია, რომ ყველაფერი ხვალ, 15 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე (თბილისის დროით 23:30 საათი), ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის საუბრით დაიწყება“, - განაცხადა იური უშაკოვმა.
ასევე, უშაკოვის განცხადებით, თავდაპირველად აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, ხოლო შემდეგ შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაგრძელდება.
რუსული მხარის დელეგაციის შემადგენლობაში უშაკოვის გარდა კიდევ ოთხი წევრი იქნება, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.
შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.