"ინტიმური კადრები Tik-tok-ზე გაუვრცელა, instagram-ის მეშვეობით კი დაზარალებულის ძმას გადაუგზავნა" - პროკურატურა თბილისში მომხდარ დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
"თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მის მობილურ ტელეფონში, ფოტო და ვიდეო მასალის სახით, უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის მქონე პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რაც მიმდინარე წლის 19 აგვისტოს უკანონოდ გაავრცელა სოციალურ ქსელ Tik-tok-ზე, ხოლო 20 აგვისტოს სოციალურ ქსელ instagram-ის მეშვეობით გადაუგზავნა დაზარალებულის ძმას.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის მეშვეობით) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.