სასამართლომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის", ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების" , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" , ა(ა)იპ „საფარის" , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შესაბამის განცხადებას თავად საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკამყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერების და ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწოდებებმა, მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე, საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა საპოლიციო ძალებთან, დაპირისპირებაში, რასაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. შედეგად, ძალადობრივმა ჯგუფებმა სამართალდამცავი უწყების ათეულობით თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს, ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებების, მათ შორის ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებას. მოძალადე ჯგუფებმა ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობას, რითაც მნიშვნელოვნად დაზიანდა საკანონმდებლო ორგანო. ასევე, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკას, გაანადგურეს რუსთაველის გამზირზე სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებული ქონება.
სამართალდამცავების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ძალადობრივი აქციის ცალკეული მონაწილეები პოლიციასთან დაპირისპირებისას აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური აირწინაღებით, ჩაფხუტებით, სახის დასაფარი ნიღბებით, პირბადეებით, დამცავი სათვალეებით, ხელკეტებით და სხვა საშუალებებით. ასევე, აქციის მონაწილეთა მხრიდან არაერთგზის დაფიქსირდა პოლიციელების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენება.
გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. კერძოდ, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , ა(ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველები“-ს , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს , ა(ა)იპ „საფარი“-ს , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის - სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს.
აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ, ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად. ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა სახის პირადი, თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა. ხსნებული ქმედებების მიზანი ერთი მხრივ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების წახალისება და მეორე მხრივ, ამ ქმედებაში ჩართული პირების მფარველობა იყო. საბოლოოდ, კოორდინირებულ მოქმედებას უნდა გამოეწვია სამართალდამცავი უწყებების დასუსტება და მათი ნორმალური ფუნქციონირების მოშლა.
ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გასცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგო