"ახლა მოისმინეთ ეს ჩანაწერი და თქვენ გამოიტანეთ დასკვნა" - სალომე გოგიაშვილი აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, სადაც მისივე თქმით, მისი ყოფილი ქმრისა და ლიკა შენგელიას საუბარია ასახული
სალომე გოგიაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომლითაც დაპირისპირებას, როგორც თავად ამბობს, წერტილი უნდა დაუსვას. მისი თქმით, ეს არის ბოლო ვიდეო ამ თემაზე, რადგან დაიღალა მუდმივი ცილისწამებითა და ტყუილით.
ვიდეოში სალომე გოგიაშვილი აქვეყნებს სქრინშოტებს, სადაც ჩანს მისი და ლიკა შენგელიას თბილი მიმოწერა. ამით გოგიაშვილი ეწინააღმდეგება შენგელიას განცხადებას, რომ მათ შორის არასდროს ყოფილა კომუნიკაცია.სალომე გოგიაშვილი აცხადებს, რომ მას სამსაათიანი ჩანაწერი აქვს, თუმცა მის სრულად გავრცელებას არ აპირებს, რადგან იქ არის მომენტები, რაც არ უნდა მისმა შვილებმა მოისმინონ.
"მთელი მსოფლიოს გამწარებული ქალების მაგივრად გიხდი მე შენ სამაგიეროს და იცოდე, იმ ჩემი ოთხი შვილის უკან, რომლებიც შენ დღეს უმამოდ დატოვე, დგას პირველ რიგში დედა, რომელსაც ხასიათი აქვს ომში შესვლის და გამარჯვებული გამოსვლის. იმედია შენს აწმყო თუ გაშორებულ ქმარს აქვს იმის საშუალება, რომ ბილეთი გიყიდოს და ქალაქიდან გაგიშვას, რადგან ამის შემდეგ ძალიან გაგიჭირდება ამ ქალაქში ცხოვრება", – მიმართავს გოგიაშვილი ლიკა შენგელიას.
ამის შემდეგ გოგიაშვილი აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელშიც, მისი თქმით, ისმის მისი ყოფილი ქმრის, ვახო ნიკოლეიშვილისა და ლიკა შენგელიას საუბარი.