ვრცელდება მძიმე კადრები, მეტროში 23 წლის გოგო მოკლეს, საზარელი შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს - "მამაკაცმა მოულოდნელად ბასრი საგანი ამოიღო და ყელის არეში დაჭრა" (აშშ)
უკრაინელი ლტოლვილი, 23 წლის ირინა ზარუცკაია აშშ-ში, მეტროში მგზავრობისას სასტიკად მოკლეს.
გოგონა მგზავრობდა, როდესაც მის უკან მჯდომმა მამაკაცმა მოულოდნელად ბასრი საგანი ამოიღო და ყელის არეში დაჭრა. შემთხვევა გასულ თვეს, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტში მოხდა.
სათვალთვალო კამერით გადაღებული, სასტიკი მკვლელობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მკვლელი 34 წლის დეკარლოს ბრაუნ უმცროსია. როგორც მოგვიანებით გაირკვა ის მანამდე 14-ჯერ იყო ნასამართლევი სხვადასხვა ძალადობრივ დანაშაულებში მონაწილეობისთვის. თუმცა, საპატიმროს გირავნობის გადახდის შემდეგ ტოვებდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაუნი შიზოფრენიით იტანჯებოდა.
მოკლული უკრაინელი ლტოლვილის ოჯახის წევრები სამართალს ითხოვენ.„სიტყვებით ვერ გადმოვცემთ იმას, რაც ჩვენს გულებში ხდება. ირინა აშშ-ში ომს გაექცა და უსაფრთხოების საძიებლად ჩავიდა. ამის ნაცვლად, მას სიცოცხლე ყველაზე საშინელი გზით წაართვეს.
არცერთ ოჯახს არ უნდა მოუწიოს ამის გავლა,“ - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.