loader

"23 წლის მეგი დიასამიძეს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება... ხვალ რამდენ ადამიანზე მოგვიწევს ასეთი პოსტის დაწერა, არ ვიცით" - იურისტი საბა ბრაჭველი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"23 წლის მეგი დიასამიძეს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება... ხვალ რამდენ ადამიანზე მოგვიწევს ასეთი პოსტის დაწერა, არ ვიცით" - იურისტი საბა ბრაჭველი

იურისტი საბა ბრაჭველი "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით მეგი (ირმა) დიასამიძის დაკავებას ეხმაურება.

"გუშინ შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის დაკავების სპეცოპერაცია ჩაატარა - ლანჩხუთში ტრანსპორტიდან ჩამოხსნა და გვიან ღამით თბილისში ბორკილდადებული ჩამოიყვანა 23 წლის გოგო.

მას ბრალად ედება კახა კალაძის (უკანონოდ აღმართული) ბანერის საღებავით დასვრა. საღებავის წაშლას ერთი ადამიანის რამდენიმეწუთიანი შრომა დასჭირდა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ:

1. ნივთის დაზიანება დანაშაული არაა, თუ 150 ლარის ზიანი არ დამდგარა. საარჩევნო ბანერის დაზიანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და 1000 ლარის ჯარიმით ისჯება.

2. ზუსტად ამის გამო, 2024 წელს მამუკა მდინარაძე ამ ქმედებას ადმინისტრაციულ დარღვევად მოიხსენიებდა.

3. ხატისთვის საღებავის შესხმის გამო, ნატა ფერაძეს 5 დღის ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

4. ოპოზიციური პარტიების ან არასამთავრობოების ოფისებისთვის საღებავის შესხმის გამო არავინ დასჯილა.

ამ გოგოს, მეგი დიასამიძეს, ხვალ ან ზეგ აღმკვეთს შეუფარდებენ, ჯამში კი 5 ( ხ უ თ ) წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის საქომაგოდ გამოსული სამი სხვა გოგო გუშინ გვიან ღამე შსს-მ მოიტაცა და კიდევ სხვა გოგოებს საათების რეკვა, სირბილი და ყვირილი დასჭირდათ, რომ ისინი გამოეშვათ.

ეს ყველაფერი ხდება აქ და ახლა, ჩვენთან, საქართველოში. ხვალ რამდენ ადამიანზე მოგვიწევს ასეთი პოსტის დაწერა, არ ვიცით.

გასაგებია, რომ ყოველდღიურ ტერორთან თვალის გასწორება ძნელი და დამღლელია, გლობალურ საკითხებზე კამათი კი - ადვილი და სასიამოვნო, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რაც ჩვენთან, ჩვენს თვალწინ ხდება. სხვა ქვეყნები, სხვაგან, თავის თავს როგორმე მიხედავენ. მე აქაურობაზე ფოკუსირებას ვირჩევ.

23 წლის მეგი დიასამიძეს, არარსებული დანაშაულის გამო, ჯერ ორთვიანი, ჯამში კი ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება. მეგი დიასამიძე იმსახურებს, რომ პირველ რიგში მასზე ლაპარაკობდეთ" - წერს საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში.