"ჩვენ რას გადაგვეკიდნენ?! ომი აქვთ?! - იომონ! ეს საქართველოს ომი არ არის! - მზად იყვნენ, თბილისი ჰაერში აწეულიყო" - შალვა პაპუაშვილი უკრაინაზე
"ვთქვათ დავიჯერეთ, რომ 2.4 კგ. „ჰექსოგენი“ რუსეთში მიჰქონდათ. ჩვენ რას გადაგვეკიდნენ?! - ომი აქვთ?! - იომონ! შეეშვან საქართველოს და საქართველო თავიანთ ომში ჩათრევას! - ომი, რომელსაც ისინი ეწევიან, საქართველოს ომი არ არის! როდესაც ჩვენ ომი გვქონდა, ომში არავინ ჩაგვითრევია და არც ერთი ქვეყანა რისკის ქვეშ არ დაგვიყენებია!" - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გამოძიების ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება ავლაბარში, კონკრეტულ მისამართზე მიდიოდა და დასძინა, რომ „ავლაბარში რუსეთი არ არის.
პაპუაშვილმა თქვა ისიც, რომ „ჰექსოგენმა“ ლამის ნახევარი ევროკავშირი გამოიარა ისე, რომ არავის გაუჩერებია.
მისი აზრით, უკრაინის სპეცსამსახურები მზად იყვნენ, „თბილისი ჰაერში აწეულიყო“.
„უპირველეს ყოვლისა, უნდა დავინახოთ მოვლენების ლოგიკა და ჯაჭვი. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც არჩევნების წინ უკრაინის სპეცსამსახურების მონაწილეობით საქართველოში სხვადასხვა სპეცოპერაცია ხორციელდება. შეგახსენებთ, 2017 წლის არჩევნებისას გივი თარგამაძის აფეთქებას - დადასტურდა, რომ უკრაინული სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. შეგახსენებთ 2021 წლის არჩევნებს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს, რაც დადასტურებულია. შეგახსენებთ ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის წინა ფაქტს, რომელიც ასევე ჩვენმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს და ფაქტს, რომელიც ამ არჩევნების წინ ხდება.
შემეძლო მეკითხა გვარით ქართველებისთვის, ვისაც საქართველოს პრეზიდენტად ზელენსკი უნდათ - როდესაც იმ ქვეყნის სპეცსამსახურები ასეთ რაღაცას გიკეთებს, რომელიც ცდილობს არევას, ხელისუფლების დამხობას, შენს ქვეყანაში ასაფეთქებელი ნივთიერებები შემოაქვს, ზელენსკისა და უკრაინის ხელისუფლების განდიდებას ამის შემდეგაც აპირებენ?
ჩვენი უსაფრთხოების სისტემა მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზეა გადასული! ამაზე არ ვსაუბრობთ, არ ვსაყვედურობთ, ამ ყველაფერს ხმამაღლა არ ვამბობთ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ამ ყველაფერს რომ გიკეთებს, ეს რაიმე მეგობრობაში ჯდება?!
აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ გვრევდნენ საკუთარ ომში - როგორ უნდოდათ, რომ ჩვენი მოქალაქეები საომრად წასულიყვნენ და როგორ უნდოდათ, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ესკალაციაში შევსულიყავით.
ამის შემდეგ ქართული გვარ-სახელის მქონე ადამიანები კიდევ ზელენსკისა და უკრაინის სპეცსამსახურების განდიდებით რომ არიან დაკავებული, ამიტომაც არიან უსამშობლოები! როგორ შეიძლება შენი სამშობლო გიყვარდეს, ამას ხედავდე, ხმას არ იღებდე და ერთ საყვედურს არ ამბობდე!
ვთქვათ დავიჯერეთ ვერსია, რომ „ჰექსოგენი“ რუსეთში უნდა გაეტანათ, ოღონდ რუსეთისათვის ზიანი მიეყენებინათ, აქ რომ აფეთქებულიყო ქართველ ქალებსა და ბავშვებს ჯანდაბამდე გზა ჰქონია?!
როდესაც უკრაინის სპეცსამსახურებზე ვსაუბრობთ, ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე! უკრაინის სპეცსამსახურებს ერთ რამეს ვურჩევ: - როცა თანამშრომლად მოღალატე ჰყავთ, ის საბოლოო ჯამში მათაც უღალატებს.
ეს არის მათი გაგება ძმობისა და მეგობრობის, რომ თბილისში 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება შემოიტანეს, რომელმაც შეიძლება მთელი უბანი აწიოს ჰაერში. იმისათვის, რომ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიონ, ჩვენს ქალებსა და ბავშვებს სწირავენ!
ოღონდ ზელენსკიმ საკუთარ სამხედრო მიზნებს მიაღწიოს... აქვთ ომი? იომონ! - კეთილი ინებონ პირდაპირ რუსეთს ეომონ და საქართველოს შეეშვან!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.