"ნარკომანი და მოთამაშე იყო! დედის თვალწინ მოხდა ეს ტრაგედია... ბენზინი შეასხა ახალგაზრდა გოგოს, მას მთელი სახე, თმები ყველაფერი დამწვარი ჰქონდა... აქვს ბასრი საგნით მიყენებულო ჭრილობებიც" - კასპში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის დეტალები
უმძიმესი დანაშაული კასპში, ე.წ. მირიანის დასახლებაში მოხდა. მამაკაცმა ყოფილ ცოლს ჯერ დანით მიაყენა ჭრილობა, შემდეგ სახეზე ქიმიური ნივთიერება შეასხა, მერე აალებული ბენზინი ესროლა და ცეცხლი წაუკიდა. კლინიკის ექიმის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქალს სხეულის ძლიერი დამწვრობა აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის მეუღლეს 4 წლის წინ დაშორდა და წყვილს ჰყავდათ საერთო შვილი, 8 წლის გოგონა. დაშორების მიუხედავად ყოფილი ქმარი ზურაბ ბურდული ხშირად მოდიოდა გოგოს სახლში და აწიოკებდა ოჯახს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
"ახალგაზრდა გოგოს მთელი სახე, თმები ყველაფერი დამწვარი ჰქონდა. ბენზინი შეასხა ყოფილმა ქმარმა, ამ ფაქტს წინ უძღოდა კონფლიქტი, ჩხუბის ხმა. ეს ფაქტი მოხდა დედის თვალწინ, აალებული ნივთი ესროლა გოგოს, მერე მეზობელი მივარდა, მან ცეცხლმოკიდებულ გოგოს ადიალა გადააფარა და ასე ჩააქრო ცეცხლი, თუმცა სახე სულ დამწვარი ჰქონდა" - ამბობს ადგილობრივი.
AMBEBI.GE თათია ლომინაძის ახლობელსაც ესაუბრა:
"კასპის მთავარ ბიბლიოთეკაში მუშაობს თათია, ძალიან კარგი გოგოა. ქმარი ჰყავდა ნარკომანი, მოთამაშე. ვერაფრით ვერ შეძლო მისი გამოსწორება და დაშორდა, მაგრამ ის მაინც ვერ ისვენებდა. აწიოკებდა გოგოს. ძალიან ძვირფასი გოგოა, ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველა ამას გეტყვით. მოიტაცა ამ ბიჭმა, არ უნდოდა ამ გოგოს ეს ბიჭი საერთოდ, რადგან მოთამაშე და ნარკომანი იყო. მერე ვერ გამოასწორა და დაშორდა, ახლა ბავშვის ნახვაზე ჰქონიათ დავა, რომ არ ანახებდა ბავშვს, დამუქრებია, თუ არ მანახებ, დაგწვავო და აასრულა ეს მუქარა.
დილით ბავშვი სკოლაში წავიდა და ამ დროს მოხდა ეს ტრაგედიაც. დედის თვალწინ მოხდა. თათია დედასთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა. ამ ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა წლების წინ თავს, თათია მაშინ პატარა იყო. მისი ორი და და მამა ავარიაში დაიღუპნენ. ყველა იმას ვლოცულობთ, რომ როგორმე გადარჩეს ეს უკარგესი გოგო. დამნაშავე უნდა დაისაჯოს". განაგრძეთ კითხვა>>>
ვიდეო: "TV პირველი"