რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილის განაჩენზე?
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღება დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.
კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას ერთად 8 392 827 ლარის გადახდა დაეკისრათ, ხოლო უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს დამატებით 631 540 ლარის გადახდა განესაზღვრა. ჯამში, თანხის ოდენობა 9 მილიონ ლარს უახლოვდება.
ორივე პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ამის შემდეგ, სახელმწიფომ გაფლანგული თანხის ამოღების მიზნით, მათ წინააღმდეგ სამოქალაქო დავა დაიწყო.
ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში მწვავედ გააკრიტიკა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც "ტიპები ნახევარმილიარდს ათეთრებენ ერთ დღეში, მოხუცების გაქურდვით მდიდრდებიან, ბიუჯეტს ხრავენ“, სასამართლო საქართველოს პრეზიდენტს „9 მილიონს აწერს“.
"ტიპები ნახევარ მილიარდს ათეთრებენ ერთ დღეში, მოხუცების გაქურდვით მდიდრდებიან, ბიუჯეტს ხრავენ და საქართველოს პრეზიდენტს (ვინც არ უნდა იყოს ის) 9 მილიონს აწერენ. იმ 9 მილიონს რომელიც დაიხარჯა ვიზიტებში, სხვა ქვეყნის პრეზიდენტების მასპინძლობაში. თუნდაც ქაშმირის პიჯაკებში.
ეს კორუმპირებული წუმპეები! ცინიკოსები! დაგვცინიან. 9 მილიონის შოკოლადი აქვთ ნაყიდი ტიპებს ბიუჯეტის ფულიდან" - წერს ჟორჟოლიანი.