"ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო... წამებში გადმოვარდა ბავშვი, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი..." - ისანში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
თბილისში სამი ადამიანი - მშობლები და შვილი გარდაცვლილი იპოვეს შემთხვევა ნავთლუღის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა.
"დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე, გავიგე ძლიერი დაცემის ხმა. მალევე ეზო გაივსო პოლიციის მანქანებით. თქვეს, რომ დედ-მამა და ბავშვი ნახეს ეზოში გარდაცვლილი. მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა. როგორც თქვეს, მაღალსართულიანი კორპუსის, ზედა სართულზე ცხოვრობდნენ" - ამბობს ადგილობრივი.
ცნობილია რომ, გარდაცვლილები ქართველები არ არიან. მათ ბინა "არქის" კორპუსის მე-20 სართულზე ნაქირავები ჰქონდათ.
"02:30 საათზე მოხდა, ჯერ ბავშვი გადმოვარდა, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი. საშინელი ხმა იყო. დაახლოებით 17-18 წლის ბიჭი იქნებოდა. ქირით იყვნენ, ეს იმდენად მასშტაბური კომპლექსია, თითქმის ყველა ბინა გაქირავებულია, ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო, წამებში ბავშვი გადმოჰყვა, მერე დედა და რაღაც უმნიშვნელო ინტერვალში მამაკაცი" - უყვება ambebi.ge-ს ადგილობრივი.
როგორც შსს-ში ამბობენ, ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.