"შარშან შექმნა ოჯახი... გუშინ წინ კარგად იყოო, ფეხზეც გაატარეს თურმე და პალატაში გაუყვანიათ... ისევ დამძიმდა და ისევ რეანიმაციაში გადაუყვანიათ" - რას ჰყვებიან 21 წლის გოგონაზე, რომელიც ლოტკინზე აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა და გარდაიცვალა?
ტრაგედია დატრიალდა ლოტკინის დასახლებაში. ძლიერ აფეთქებას ემსხვერპლა 21 წლის გოგონა. შემთხვევა 23 სექტემბერს მოხდა. აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა მარიამ ლოქაბიძე. გოგონას სხეულის 48% დამწვარი ჰქონდა და ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. 21 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.
"პირველ რიგში სამძიმრით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და ვუსამძიმრებ მარიამის ოჯახს და ყველას, ვისაც სტკივა მომხდარი. მარიამი აგარაში დაიბადა და გაიზარდა. შარშან შექმნა ლამაზი ოჯახი და ძალიან ბედნიერები იყვნენ. ეს ჩანს კიდეც სოციალურ ქსელში დადებული მისი ვიდეოებიდან და ფოტოებიდან. მარიამი და მისი მეუღლე თბილისში, ნაქირავებ ბინაში იყვნენ. ლოტკინზე, სადაც ეს ტრაგედია, მოხდა, ის ბინა ჰქონდათ ნაქირავები. მუშაობდნენ, როგორც ვიცი, იმ საბედისწერო დღეს მარიამი სახლში მარტო ყოფილა, შუქი აუნთია ოთახში და მაშინ აფეთქდა ბინაში გაზი. მერე მოხდა აფეთქება და განწირული ხმით უყვირია მარიამს მიშველეთო, 58%, დამწვარი იყო, მერე რეანიმაციაში იწვა და მკურნალობდნენ.
როგორც ვიცი, გუშინ წინ კარგად იყოო. ფეხზეც გაატარეს თურმე და პალატაში გაუყვანიათ. მერე გუშინ ისევ დამძიმდა, ამბობენ ჰემოგლობინი დაუვარდა და წნევა დაეცაო. ისევ დამძიმდა და ისევ რეანიმაციაში გადაუყვანიათ. სამწუხაროდ ეს ლამაზი გოგონა დღეს დაიღუპა. არადა როგორი იმედი გვქონდა ყველას, რომ გადარჩებოდა. მთელი აგარა ახლა თავზარდაცემულია. ყველა ტირის. როგორც ვიცი ამ დღეების განმავლობაში სამი ოპერაცია გაუკეთეს და კიდევ სჭირდებოდა ოპერაცია.
ძალიან იმედიანად იყო ოჯახი, რადგან გოგომ ფეხზე გაიარა. გუშინ წინ მარიამის დედას მეზობლისთვის უთქვამს, ღმერთს მადლობა, კარგად არის, გავატარეთ და პალატაში გამყავსო, მაგრამ მერე ეს დიდი უბედურება მოხდა. ძალიან იყო დამწვარი. მართლა კარგი გოგო იყო მარიამი, ძალიან ნიჭიერი და ცხოვრება წინ ჰქონდა, ბედნიერად უნდა ეცხოვრა და ახლა ამ მწარე რეალობის წინაშე ვართ ყველანი. როგორც გავიგე ამ ტრაგედიამდე მეზობლები იძახდნენ თურმე გაზის სუნიაო და გამოიძახეს კიდეც სამსახურები, მაგრამ ისინი წასულან, არაფერიაო და მერე მოხდა ეს ტრაგედია. 21 წლის იყო ლამაზი მარიამი, რომელიც არ ჰყავს დღეს ოჯახს. ახლა ყველას მისი ფოტოები და ვიდეოები აქვს გაზიარებული და ძალიან მიკვდება გული. საუკეთესო მშობლების საუკეთესო შვილი იყო. დიდი ტრაგედიაა" - ყვება ახლობელი ambebi.ge-სთან.