რას ამბობს პაატა ბურჭულაძის ადვოკატი?
საქმეში დანაშაულის არც ერთი ნიშანი არ არის და ეს პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია, - ამის შესახებ ბრალდებულ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ბრალდების შინაარსი გაუგებარია.
მან მანიფესტის ტექსტი წაიკითხა, რომელიც საპროტესტო აქციაზე პაატა ბურჭულაძის მხრიდან გაჟღერდა.
„ჩემთვის ბრალდების შინაარსი გაუგებარია და აზრი ვერ გავიგე, რას ვედავებით პაატა ბურჭულაძეს. გულუბრყვილო მოლოდინი, რომ სამართლებრივმა არგუმენტმა რამე შეიძლება შეცვალოს, არ გვაქვს, მაგრამ მინდა გთხოვოთ თქვენც და პროკურატურასაც, იქნებ სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეთ ამ ყველაფერს, რადგან პროკურატურა ხან რომელ ეთერში გაკეთებულ განცხადებას კითხულობს და ხან - რომელ ეთერში.
საქმეში დანაშაულის არც ერთი ნიშანი არ არის და ეს კლასიკური მაგალითია, პოლიტიკური დევნის“,- განაცხადა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.