გასართობ ცენტრებთან დაკავშირებით, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი საგანგაშო განცხადებას ავრცელებს
ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, თიკო გობაძე სოციალურ ქსელში, გასართობ ცენტრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
"დიდი ხანი მინდოდა ამ თემაზე მესაუბრა.
გასულ წელს მომიწია გასართობ ცენტრში მისვლა, სადაც 5 წლის ბავშვისთვის დაორგანიზებული იყო დაბადების დღე. ძალიან დასტრესილი დავბრუნდი, ასევე ხშირად მხვდება სოციალურ ქსელში, როგორი პოპულარობით სარგებლობს მსგავსი სივრცეები.
საქართველოში გასართობი ცენტრების უმრავლესობა რეალურად ბავშვის განვითარების საჭიროებებზე კი არა, მშობლის დროის ან სოციალური მოლოდინების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
ბავშვისთვის კი ეს გარემო ხშირად ფსიქოლოგიურად, სენსორულად და ფიზიკურად ძალიან გადატვირთულია.
როგორ ხდება ბავშვის სენსორული გადატვირთვა?
ხმაური, მძლავრი მუსიკა, კაშკაშა სინათლეები, სხვადასხვა ეფექტები, ბატუტი და ხოლო კედლებზე სხვადასხვა ფერი ქმნის მაღალი დონის სტიმულაციას, რომელსაც ბავშვის ტვინი ჯერ ვერ ამუშავებს.საუბარია განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკზე და შემდეგ 6 წლამდე.
ეს სენსორული გადატვირთვა კი იწვევს ბავშვის გადაღლას, გაღიზიანებას, ტირილს, აგრესიულ ქცევას ან სულაც ურეაქციობას.
პატარა ბავშვი ვერ ხვდება, რატომ უნდა “გაართონ” ხმაურიან გარემოში უცხოებთან ერთად.
დაბადების დღე ხშირად გადაიქცევა შოკურ გამოცდილებად, ბავშვი სულაც არ არის ბედნიერი, პირიქით დაბნეულია, მშობლები ან სტუმრებს მასპინძლობენ ან სურათების და ვიდეოების აღბეჭდვით არიან დაკავებული.
საბოლოოდ, ეს დღე, რომელიც სიხარულთან უნდა ასოცირდებოდეს, რჩება სტრესის წყაროდ.
ასევე თვალი რომ გადაავლოთ, მსგავს სივრცეებში თავისუფალი თამაშის ნაკლებობაა.
ბავშვებს ხშირად სთავაზობენ სტრუქტურირებულ (წესებიან) თამაშებს (შეჯიბრებები, კონკურსები).
მაგრამ, აქ ყველაზე საყურადღებო ეტაპი გვრჩება ჩრდილს მიღმა, 6 წლამდე ასაკის ბავშვი უკეთესად ერთობა, სწავლობს და მშვიდდება თავისუფალი, თვითგამოხატვითი თამაშის დროს, სადაც თვითონ წყვეტს, რას აკეთებს. ამ დროს ზედმეტი ჩარევა აქვეითებს ბავშვის თვითრეგულაციასა და შემოქმედებით აზროვნებას.ბევრი სტუმარი, ხმაური, რიგში დგომა, შეჯიბრი, ეს ყველაფერი 6 წლამდე ბავშვისთვის არის ემოციურად დამღლელი.
ასევე საყურადღებოა, მაღალი შაქარი და არაჯანსაღი საკვები, რაც მენიუში გვხვდება (ტკბილეული, გაზიანი სასმელები და სწრაფი კვება).
კიდევ უფრო ზრდის ნერვულ აგზნებადობას, რაც უკვე სენსორულად გადატვირთულ გარემოში სრული კოშმარია.
სსმ და შშმ ბავშვებზე აღარაფერს ვამბობ, რამდენად არ არის დაცული ინკლუზიური გარემოს შექმნის პრინციპები.
მოკლედ, კიდევ უამრავი დეტალის ჩაშლა შეიძლება…
რეალურად 6 წლამდე ბავშვებისთვის შექმნილი გასართობი სივრცე, უნდა იყოს:
მშვიდი, ბუნებრივი განათებებით, პასტელური ფერებით, ხმადაბალი მუსიკით. ნატურალური მასალებით, მარტივი ფორმებით, ხის სათამაშოებით, ბუნებრივი ტექსტურებით, ტაქტილური მასალებით.
ეს აძლიერებს ტვინის სენსორულ ინტეგრაციას.ზედმეტი პლასტმასი და აჭრელებული გარემო იწვევს დაძაბულობას.
3 წლამდე ბავშვებისთვის გირჩევთ, რომ არჩევანი გააკეთოთ სახლზე, მშვიდ გარემოზე, გართობაზე, თამაშზე, ბავშვის ასაკისა და ინტერესის შესაბამისად.
აქვე, აუცილებლად მინდა ვახსენო ქართული რესტორნისა და კაფის კულტურა რა გვჭირს?
ამხელა ხმაზე მუსიკა რა უბედურებაა, ადამიანს ხმას ვერ მიაწვდენ და ვერ გაესაუბრები. მხოლოდ კერძები მივირთვათ და ჭიქა ჭიქას მივუჭახუნოთ? სულ ეს არის" - წერს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი,თიკო გობაძე.