"ეს გინდოდათ ალბათ! თავს ძალიან დაუცველად და საფრთხის ქვეშ ვგრძნობთ მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილი" - 15 წლის მოზარდზე ძალადობაში ბრალდებული ხატია ვიბლიანი მიმართვას ავრცელებს
მკლავჭიდელი ხატია ვიბლიანის საქმე, რომელიც სექტემბრის დასაწყისში არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება, რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ აქტუალური გახდა - სპორტსმენმა გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ მასა და მის მცირეწლოვან შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
ვიბლიანი წერს, რომ თავს დაუცველად და საზოგადოების აგრესიის სამიზნედ გრძნობს. ის ასევე წერს, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოკადრებით საფრთხე შეექმნა მის შვილსაც:
"ეს გინდოდათ ალბათ! თავს ძალიან დაუცველად და საფრთხის ქვეშ ვგრძნობთ მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილი. შემომდის მუქარები სიცოცხლის მოსპობით... რაც ყველაზე შემზარავია - მუქარა მოდის არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ჩემს შვილზეც. ვერც დავწერ, რა სიტყვებით იმუქრებიან - ეს იმდენად საშიშია, რომ აღარც მიკვირს, რამდენი ავადმყოფი და მოძალადე ადამიანია ჩვენს ირგვლივ,“ - წერს ვიბლიანი.
სპორტსმენი საზოგადოებას აკრიტიკებს იმ მიზეზით, რომ ვიდეოში ბავშვის (საუბრობს თავის შვილზე) სახე არ იყო დაფარული, რაც მისი შეფასებით, კანონდარღვევაა და ბავშვის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის:"როცა კადრებს ავრცელებთ და ბავშვის სახეს არ ფარავთ, საფრთხის წინაშე აყენებთ ჩემს შვილს. ესეც კანონდარღვევაა, ამას არ გაგიტარებთ - აუცილებლად მოგთხოვთ პასუხს!“
ვიბლიანი ამბობს, რომ არ უარყოფს დანაშაულს და საკუთარ ქმედებას ნანობს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც საზოგადოებამ დაიჯერა:
"დიახ, კანონი დავარღვიე და ამას ვნანობ, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი მიზეზი აქვს. როცა ყველა ფაქტს გაიგებთ, საკუთარ სიტყვებს უკან წაიღებთ", - წერს სპორტსმენი.
ის ამატებს, რომ ამ ეტაპზე თავს არიდებს საჯარო გამოჩენას და შვილი ბაღში ჩუმად დაჰყავს, რადგან თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
"მე თითქმის არსად აღარ დავდივარ. არ ვიცი, ხვალ როგორი დღე გათენდება... თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მე ვარ ერთადერთი ცოდვილი ადამიანი და დანარჩენები წმინდანები ხართ.
მე ვიყო ცუდი, გიჟი, ქაჯი - როგორც გინდათ დამიძახეთ, მაგრამ ბავშვზე გადმოსვლა ყოვლად მიუღებელია. ვითომ ბავშვების დამცველები ხართ და თავად ბავშვზე ძალადობთ. ყველა მუქარას შევაგროვებ და შესაბამის უწყებებს მივაწვდი
თქვენ გჯეროდეთ რაც გინდათ, მაგრამ მე რასაც ჰქვია კარგი დედა მაინც ვარ და ბოროტი არ ვარ - ეს საკმარისია ჩემთვის. მტერს ჰყოლოდეთ თქვენნაირი ქალები და კაცები ოჯახებში", - წერს ხატია ვიბლიანი.
საქმის დეტალებიშეგახსენებთ, რომ ხატია ვიბლიანს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა 11 სექტემბერს თბილისში მომხდარი ინციდენტის გამო - გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ ქალი მოზარდს გაუსწორდა ფიზიკურად. .მომხდარის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რასაც დაზარალებულის ოჯახი აპროტესტებს.
საქმის პროკურორის, ნათია ნოზაძის თქმით, გირაოს მოთხოვნისას მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ ბრალდებული მარტოხელა დედაა, 4 წლის შვილს მარტო ზრდის და წარსულში ნასამართლევი არ არის.
"ის აღიარებს დანაშაულს, ბოდიშს იხდის და მზად არის, პირადადაც მოიხადოს ბოდიში, აანაზღაუროს ზიანი და მაქსიმალურად შეუმსუბუქოს მდგომარეობა არასრულწლოვანს,“ - განაცხადა მაშინ ნოზაძემ.