"გთხოვთ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებებს..." - ამირან გამყრელიძე განცხადებას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაკავებული ექიმის, გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გოგი ჩახუნაშვილს და მის ოჯახს. გოგი ჩახუნაშვილი და ჩახუნაშვილების დინასტია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების გამორჩეული წევრია. მის მამასთან, ბატონ სევერიანთან წლები ერთობლივი მუშაობისა მაკავშირებს რესპუბლიკურ სავადმყოფოში.
მან და მისმა მეუღლემ ორი ძალიან კარგი, გამორჩეული ექიმი აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, კოტე და გოგი, რომლებიც ათეული წლებია ღირსეულად და უანგაროდ ემსახურებიან საქართველოს მოსახლეობას. ასევე მათი შვილები კარგი ექიმები და მეცნიერები არიან, რომლებიც ასახელებენ თავიანთ ოჯახს ქვეყანაში და ქვეყანას მის გარეთ.
ვერ წარმომიდგენია რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება. დარწმუნებული ვარ, სამართალი თავის გზას იპოვის! არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მეტ ჩიხში შეიყვანს ქვეყანას.
გამოსავალი მხოლოდ ერთია, თუ გვინდა სწორი გზით წავიდეთ, ურთიერთდათმობა, კონსენსუსი და შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ ნაბიჯს ყოველთვის უფრო ძლიერი დგავს და ასეთი დღეს სახელმწიფოა.
ვიმეორებ, რაც ბევრჯერ მითქვამს - უკან დახევა არ არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით ხშირად ის მეტი სიბრძნის და სტრატეგიული ხედვის საწინდარია.
ამიტომ, გთხოვთ, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებებს, თავი შევიკავოთ სიტუაციის მეტი ესკალაციისგან და ერთად მოვნახოთ ამ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს" - წერს ამირან გამყრელიძე.
ცნობისთვის, პოლიციამ გუშინ ექიმი, აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავება უკავშირებდა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ექიმის, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები.