loader

რას ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი წყლის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრი წყლის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით?

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ტარიფი გადაიხედოს. შესაბამისი განცხადება პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, სამინისტრო წყალმომარაგების კომპანიის რეფორმას იწყებს.

„წყლის უკანონო მოხმარების ფაქტების აქტიურად გამოვლენისა და აღმოფხვრის, ტექნიკური მომსახურებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, გეგმაშია SCADA-ს სისტემის აქტიური დანერგვა და ასევე, მომავალ წელს წყლის ტარიფის გადახედვისთვის განაცხადის წარდგენა 2027 წლიდან ახალი ტარიფების ასამოქმედებლად“, -განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს ცვლილებები კომპანიის საქმიანობას გახდის უფრო გამჭვირვალეს, ეფექტურს და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულს.

ამასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, სახელმწიფო ბიუჯეტისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, ქვეყნის 110-ზე მეტ ლოკაციაზე 2,5 მილიარდი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რომელთა დასრულება 2029 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

როგორც მან აღნიშნა, პროექტების დასრულების შემდეგ, 300 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგების სერვისით.

მინისტრმა წყალმომარაგების კომპანიაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, სერიოზულ გამოწვევად რჩება სისტემაში არსებული დანაკარგები და გადასახადების ამოღების დაბალი მაჩვენებელი.