დარჩენილია 2 დღე - ვიდეო ინსტრუქცია და კალკულატორი, რომლის საშუალებითაც გამოთვლით გეხებათ თუ არა ქონების გადასახადი და რამდენის გადახდა გიწევთ: ყველაფერი, რაც ქონების გადასახადზე უნდა იცოდეთ!
საგადასახადო კოდექსის თანახმად, იმ ოჯახებს, რომელთა შემოსავალიც 2024 წელს 40 000-ს აღემატებოდა და რამე სახის ქონებას ფლობენ, 15 ნოემბრამდე ქონების გადასახადის გადახდა უწევთ. მანამდე კი, 3 ნოემბრამდე (ვადა 1 ნოემბერს იწურებოდა, თუმცა რადგან შაბათია, ვადა გახანგრძლივდა მომდევნო სამუშაო დღემდე) დეკლარაციის შევსებაა საჭირო.
ფიზიკური პირის ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადთან დაკავშირებით მომზადდა კალკულატორი, რომელიც აერთიანებს სამ დამოუკიდებელ კითხვარ-გამომთვლელს: ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების განსაზღვრა; ქონებაზე (მათ შორის, მიწაზე) ქონების გადასახადის გამომთვლელი; ქონების გადასახადის მიზნებისთვის შემოსავლის გამომთვლელი.
განაკვეთი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შემოსავალზე 0.05%-დან 0.2%-მდე მერყეობს, ხოლო თუ შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება 2024 წლის 12 თვის განმავლობაში, მაშინ გიწევთ 0.8-დან 1%-მდე განაკვეთი.
"დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ, პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2024) წლის მიხედვით აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა) და სხვა.
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში კი, ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, მოწყობილობები და სხვა.
დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, მათ შორის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გამომთვლელი ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - "RS ჩათი" და "RS ბოტი" ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299.
ამასთან, დამატებით განვმარტავთ, რომ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები (სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას).
ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ, შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს და ფინანსური/საბუღალტრო/საკონსულტაციო მომსახურების განმახორციელებელ კომპანიებს, ასევე ცალკეულ ექსპერტებს თავი შეიკავონ ცრუ, გადასახადის გადამხდელებისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას" - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.