loader

ცნობილია ვინ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან - იურისტის განმარტება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ვინ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან - იურისტის განმარტება

თუ თქვენ ცხოვრობთ მაღალმთიან დასახლებაში და გაქვთ სტატუსი, თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებით - ამის შესახებ იურისტი დავით ახალბედაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის თა­ნახ­მად, იმ ოჯა­ხებს, რო­მელ­თა შე­მო­სა­ვა­ლიც 2024 წელს 40 000-ს აღე­მა­ტე­ბო­და და რამე სა­ხის ქო­ნე­ბას ფლო­ბენ, 15 ნო­ემ­ბრამ­დე ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­დახ­და უწევთ. მა­ნამ­დე კი, 3 ნო­ემ­ბრამ­დე (ვადა 1 ნოემბერს იწურებოდა, თუმცა რადგან შაბათია, ვადა გახანგრძლივდა მომდევნო სამუშაო დღემდე) დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბაა სა­ჭი­რო.

"ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია:

2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების შემთხვევებშიც;

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზე მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის) და სხვა ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად;

2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

და აშ.

თუ წინა საანგარიშო წლის მიხედვით წარდგენილი გაქვთ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაცია, ან დარიცხული გაქვთ გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ და არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, უფლება გაქვთ არ წარადგინოთ დეკლარაცია. საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაგარიცხავთ ქონების გადასახადს წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით. თუ მიმდინარე წელს აღარ წარმოგეშვათ ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან შეგიძლიათ წარადგინოთ განაცხადი დეკლარაციის არ წარმოდგენის შესახებ.

რაც შეეხება სანქციებს:

საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს:

თუ, საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი ქონება და ამ პირის ოჯახის წინა წლის შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს;

თუ საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობის.

დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება არაუგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა, ხოლო გადასახადს იხდის არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით.

დეკლარაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან:

https://eservices.rs.ge/Login.aspx?redirect_url=https://eservices.rs.ge/Login.aspx

თუ ოჯახის ორ ან ორზე მეტ წევრს აქვს დასაბეგრი ქონება, ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს შეუძლია წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია, რომელშიც მიეთითება ოჯახის ყველა წევრი და მათი დასაბეგრი ქონება/მიწა.

ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

ქონების გადასახადი გამოიანგარიშება პირის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში ასახული მონაცემების საფუძველზე.

დეკლარაციაში დასაბეგრი ქონება აისახება საბაზრო ღირებულებით, ხოლო დასაბეგრი მიწა - ფართობის მიხედვით (არასასოფლო-სამეურნეო - კვ.მ-ებში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო - ჰექტრებში).

დასაბეგრი ქონების ღირებულება ფიზიკურმა პირმა შესაძლოა განსაზღვროს თვითონ ქონების შესაძლო სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე. ინფორმაცია ქონების საბაზრო ფასების შესახებ შეიძლება მოიძიოს ასევე სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან, ან შეაფასებინოს შესაბამის უფლებამოსილ პირს.

პირის და ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის ქონის შემთხვევაში - მცირე ბიზნესით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი;

ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან; დარიცხული (და არა ხელზე მისაღები) ხელფასი, პენსია და აშ.

რაც შეეხება გზავნილებს, ოჯახის წევრისგან მიღებული გზავნილი თუ ეს ოჯახის წევრი არის საქართველოს მოქალაქე და ამასთან არარეზიდენტი (ანუ პირი რომელიც 183 დღე და მეტი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე) ამ შემთხვევაში არ შედის 40 000 ლარიან ზღვარში.

შემოსავალში არ შეიტანება:

ოჯახის წევრებისგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;

ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი;

მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;

დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი.

ამასთან, საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ ნაწილით დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი" - წერს დავით ახალბედაშვილი.