"საფრთხე მართლაც ძალიან რეალურია" - ვახტანგ ძაბირაძის საგანგაშო განცხადება
დავიწყოთ იმით, რომ სისტემური კორუფცია ჩვეულებრივი კორუფციისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება უპირველესად იმით, რომ სისტემური კორუფციისას მასში მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი მონაწილეობს. ეს კონკრეტული დანაშაული, რის თაობაზეც ხელისუფლებამ გვამცნო, სწორედ ამის ნათელი მაგალითია. წარმოიდგინეთ, ბრალდების თანახმად, მასში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური ფონდი და კომპანია, რომელიც უკავშირდებოდა პარლამენტარ ირაკლი ზარქუას ოჯახს.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამა თუ იმ კორუფციულ სქემაში შეიძლება მონაწილეობდა სხვადასხვა დაჯგუფება, მაგრამ ისინი წარმოადგენენ მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს. როგორც აღმოჩნდა, ამ ხელისუფლების პირობებშიც სისტემური დანაშაულის მასშტაბი განუსაზღვრელად დიდია და ითრევს ყველას, ვინც კი მზად არის ამის მონაწილე იყოს.
რაც უნდა ილაპარაკოს კობახიძემ, რომ ეს ახლა გაიგეს, ტყუილია, რადგან ივანიშვილის ხელისუფლებაში კორუფციის თაობაზე ცნობილი იყო კარგა ხანია. ამის თაობაზე არაერთი ჟურნალისტური გამოძიებაა მომზადებული, რასაც ახლა ფინანსური სამსახური ფეხდაფეხ მიჰყვება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გახსოვთ, ალბათ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილი პირველად გაუშვა პრემიერობიდან, პირდაპირ ახსენა "კახური კლანი" და კორუფციაზე ეჭვები. ეს მოხდა 2015 წელს - ათი წლის წინ.
დღეს კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადებას აქვს 2 შემადგენელი: ერთი, რომ კორუფციასთან ბრძოლა საზოგადოებაში ყოველთვის პოულობს მხარდაჭერას; მეორე - ეს ბრძოლა იძლევა საშუალებას, რომ შენთვის არასასურველი პირებისგან უმტკივნეულოდ გაათავისუფლო სახელისუფლებო ვერტიკალი. ამ ხალხისგან ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფულს უკან მიატანინებენ და გაუშვებენ, მაგრამ ისინი პოლიტიკაში და სახელისუფლებო სტრუქტურებში ვეღარ დაბრუნდებიან. მათ ჩაანაცვლებენ ამ ეტაპზე პოლიტიკური უპირატესობის მომპოვებელ კლანთან, რომელსაც კობახიძე-მდინარაძის ჯგუფს უწოდებენ, დაახლოებული პირები, რომლებიც იმნაირადვე გააგრძელებენ ფულის შოვნას. დღეს ხომ ამბობენ, რომ ქარსელაძე ლილუაშვილთან დაახლოებული პირი, მისი კლასელი და მეჯვარე ყოფილა. სწორედ ამგვარ ერთგულ ხალხს მოიყვანს თანამდებობებზე დღეს დომინირებული სახელისუფლებო კლანიც. შესაბამისად, შეიძლება კორუფციული სქემები ცოტა გადაალაგონ - თუ დღეს საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი 11 მილიონიდან 9 მოიპარეს, შემდგომ შეიძლება ამდენი ვეღარ გაბედონ და 11 მილიონის ნახევარი ან მესამედი მოიპარონ.
მოკლედ, კორუფციის დამარცხებას მხოლოდ ვიღაცების დაპატიმრებები არ ჰყოფნის. მთლიანად სისტემაშია საჭირო ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რასაც "ქართული ოცნება" არ აპირებს და არც ეცდება. უბრალოდ, ახლა კლანის ჩანაცვლება ხდება. მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს პროცესები დიდი დარტყმა იქნება "ქართული ოცნებისთვის". მინდა ერთი საინტერესო პარალელი გავავლო - კობახიძემ არ იცოდა, რომ კორუფცია იყო აქამდეც მათ ხელისუფლებაში? - რა თქმა უნდა, იცოდა, ისევე, როგორც თავის დროზე სააკაშვილმაც იცოდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლება უკიდურესად კორუმპირებული იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ამ ხელისუფლების რიგებში ჩადგა, თუმცა, როგორც კი მიხვდა, რომ კორუფციასთან ბრძოლით დიდი მხარდაჭერის მოპოვება შეიძლებოდა, მან ეს ბრძოლა გამოაცხადა. იმავეს გამეორებას ცდილობს კობახიძე, თუმცა ცოტა სხვა რაკურსით.
თუ ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი მომავალი ერთი წლის განმავლობაში ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებენ, ჩემი აზრით, მაშინ ეს იმიტირებული ბრძოლა მათ სასარგებლოდ კარგად იმუშავებს.
- მინდა ერთ თემაზე გავამახვილო თქვენი და მკითხველის ყურადღება - როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრი გვეუბნება, რომ უამრავ მიმდინარე პროექტში ძალიან დიდი ხარვეზებია, მათ შორის ხარისხთან დაკავშირებული, ეს სერიოზული პრობლემა მგონია, რადგან ინფრასტრუქტურა ეს არის გვირაბები, ხიდები, შენობები და ა.შ., რომელთა მშენებლობისას მოპარული ფული პირდაპირ ნიშნავს უხარისხო მშენებლობას, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ხალხის უსაფრთხოებასთან.
- ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოსწიეთ. უამრავი კითხვის ნიშანია რიკოთის შემოვლით გზაზე. გაიხსენეთ სამტრედიაში, რიონზე გადებული ხიდის ჩავარდნაც...
საფრთხე მართლაც ძალიან რეალურია. ხელისუფლება გვეუბნება, რომ მიმდინარე პროექტების ნახევარზე მეტი პრობლემურია. წესით, მან ახლა ყველა პროექტი სათითაოდ უნდა გადაამოწმოს, რაც უფრო მეტი დაუჯდება ქვეყანას, ვიდრე ამ პროექტებიდან მოპარული ფული. ღმერთმა დაგვიფაროს რაიმე მასშტაბური უბედურებისგან, თუმცა ამ თვალსაზრისით ღმერთის იმედზე თუ ვიქნებით მხოლოდ, რადგან დიდად არ მჯერა, რომ ამ პროექტებს სერიოზული ექსპერტიზა, დიაგნოსტიკა ჩაუტარდება, რის შემდეგაც აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება უნდა დაიწყოს. აპირებს კი ამას ინფრასტრუქტურის მინისტრი? მარტო განცხადება, რომ მისი წინამორბედი არასწორად იქცეოდა და დანაშაულს სჩადიოდა, საკმარისი არ არის. რომ გვეუბნებიან, ვადა გადასცილდა, უხარისხოდ გაკეთდაო და ა.შ., ჩვენ რა უნდა ვქნათ, რა შეგვიძლია? კეთილი ინებონ და ისიც თქვან, შექმნილი პრობლემების გამოსწორებას და სავარაუდო საფრთხეების თავიდან აცილებას როგორ აპირებენ. რამე რომ მოხდეს, ამას ვერ უშველის მხოლოდ სოხაძის განცხადება, რომ ვიღაცამ ფული მოიპარა და რაღაც არასწორად აშენდა. რადგან შენ ხარ მინისტრი, ხელისუფლება, და იღებ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას, კეთილი ინებე და ისიც თქვი, ამ ყველაფრის გამოსწორებას როგორ აპირებ. განაგრძეთ კითხვა