მოდელი თამთა შედანია, რომლის მეუღლე შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა, განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე ინტერიერის ცნობილი დიზაინერის, რატი რატიანის დაკავებას უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევი პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს, უმკაცრეს სასჯელს - 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, მიწის ქვეშ მოწყობილი სათბური, სადაც კანაფია გაშენებული.
განსაკუთრებულ ინტერესს საქმე იწვევს იმის გამო, რომ რატი რატიანი ცნობილი ქართველი მოდელის, "მის საქართველო" 2012 წლის თამთა შედანიას მეუღლეა. მას შემდეგ, რაც მედიამ დეტალები გაასაჯაროვა, რატიანის მეუღლემ, თამთა შედანიამ, განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის მედიასაშუალებებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს, მოუწოდებს ნაადრევი დასკვნებისგან თავის შეკავებისკენ და აცხადებს, რომ სამართლებრივ პასუხს მოსთხოვს ყველას, ვინც ოჯახის, განსაკუთრებით კი ოთხი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს დააზარალებს
"სათითაოდ ყველა საინფორმაციო პორტალს და ტელეკომპანიას, მათ შორის, "რუსთავი 2"-ს მოგთხოვთ სამართლებრივ პასუხს. შსს-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია არ არის დასაბუთებული - ჩემს მეუღლეს ბრალი ოფიციალურად არ აქვს წარდგენილი. გამოძიება კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, ნამდვილად მისი იყო თუ არა აღნიშნული ნივთი.
რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს - თქვენ სამართლებრივად დაარღვიეთ კანონი, როდესაც გაასაჯაროვეთ ოჯახის საცხოვრებელი მისამართი, სადაც ოთხი არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის - სამი თვის ჩვილი.
თქვენ არ გაქვთ უფლება გაასაჯაროოთ ან გაატელევიზოროთ ოჯახის საცხოვრებელი მისამართი, რადგან შსს-ს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე პიროვნების იდენტიფიცირება უკვე შესაძლებელია. ეს ქმედება წარმოადგენს კანონით დადგენილი ნორმების დარღვევას და პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც ოჯახს, ისე იქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს.
ასევე, რაც შეეხება ინტერნეტში გავრცელებულ სენსაციურ სათაურებს - თქვენს აგებთ სამართლებრივ პასუხს, რადგან ავრცელებთ ცრუ და დაუდასტურებელ ცნობებს. თითქოს ადამიანი უკვე დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. არ ფიქრობთ იმაზე, რომ ამით ზიანს აყენებთ ჩვენს არასრულწლოვან შვილებს, რომლებიც თქვენ მიერ გამოქვეყნებული უსაფუძვლო სტატიების გამო უკვე ბულინგის მსხვერპლი გახდნენ.
ვხედავ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება იყენებს იმ ფაქტს, რომ მე ვარ საჯარო პირი და და ცნობადი სახე, რათა ჩემი ოჯახის გაურკვეველი საკითხით მიიპყროს ყურადღება და რეიტინგი აიმაღლოს. მინდა გითხრათ - სამართლებრივად ყველაფერზე აგებთ პასუხს.
ეს ფაქტი დაფიქსირდა და ყველასთვის ცნობილია - მაგრამ არაფერი დასრულებულა. გთხოვთ შეიკავოთ თავი ნაადრევი დასკვნებისა და შეურაცხმყოფელი კომენტარებისგან. საქმე ეხება ოჯახს და ოთხ არასრულწლოვან ბავშვს. მე ამაყი ვარ ჩემი ქმრით, ჩემი შვილებით და ოჯახით. დარწმუნებული ვარ, სამართალი იზეიმებს", - წერს თამთა შედანია.
