“აქციებზე გამოყენებული ნივთიერება უფრო მარტივი გამღიზიანებელი რომ ყოფილიყო, სიმპტომები უფრო მალე უნდა ალაგებულიყო, რატომ გახანგრძლივდა სიმპტომები, ამან გააჩინა ეჭვი” - რას ამბობს ტოქსიკოლოგი BBC-ის საგამოძიებო ფილმზე საუბრისას
აქციებზე გამოყენებული ნივთიერება უფრო მარტივი გამღიზიანებელი რომ ყოფილიყო, სიმპტომები უფრო მალე უნდაალაგებულიყო, რატომ გახანგრძლივდა სიმპტომები, ამან გააჩინა ეჭვი, - ამის შესახებ ტოქსიკოლოგმა ეკა ქურდაძემ BBC-ის საგამოძიებო ფილმზე საუბრისას განაცხადა.
ეკა ქურდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, „კამიტს“ ხანგრძლივი ექსპოზიციის და უფრო მძიმე დაზიანების რისკი აქვს.
„არ ვიცით კონკრეტულად [რა ნივთიერება იყო]. არანაირი ლაბორატორიული კვლევა არ გვაქვს, რომელიც განსაზღვრავდა რაოდენობრივ მაჩვენებელს. იმ პერიოდში არც გარემო იყო შესწავლილი და არც ადამიანის ორგანიზმი - მასზე მოხვდა თუ არა ნივთიერება. მისი ზემოქმედების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იყო, ეს არ ყოფილა ერთი დღე. უფრო მარტივი გამღიზიანებელი რომ ყოფილიყო, სიმპტომები უფრო მალე უნდა ალაგებულიყო, რატომ გახანგრძლივდა სიმპტომები, ამან გააჩინა ეჭვი. ხანგრძლივი ექსპოზიციის და უფრო მძიმე დაზიანების რისკი აქვს „კამიტს”, თუმცა რაოდენობრივ მაჩვენებელს აქვს მნიშვნელობა. ადამიანის სხეულზე „კამიტის” ზემოქმედება ასე ხანგრძლივად რომ ყოფილიყო, გაცილებით მძიმე შედეგი გვექნებოდა, როგორც მხედველობის, ისე კანის და სასუნთქი გზების შეუქცევადი დაზიანება იქნებოდა. სასუნთქი გზების დაზიანება მეორადად გულსისხლძარღვთა სისტემის დაზიანებასაც იწვევს“, - განაცხადა ეკა ქურდაძემ.
ტოქსიკოლოგის განმარტებით, „კამიტის“ გამოყენების შემთხვევაში ადამიანების ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ დონეზე გაუარესდებოდა, რომ აუცილებელი გახდებოდა სტაციონარიზაცია.
„კამიტი - რაზეც საუბარი იყო - არის რთული ნაერთი, რომელიც რამდენიმე ტოქსინს შეიცავს და მისი ერთ-ერთი პრობლემაა, რომ ხანგრძლივად რჩება ორგანიზმში და პრობლემები უფრო მეტი აქვს, აქვს კანის უფრო ღრმა დაზიანება. სერიოზული დამწვრობის სახით გამოვლინდება დაზიანება. მხედველობის შეუქცევად დაზიანებას გამოიწვევდა. გარდა ამისა, სუნთქვის უკმარისობის ის ტიპი იქნებოდა, რომ ადამიანების ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ დონეზე გაუარესდებოდა, აუცილებელი გახდებოდა სტაციონარიზაცია. სერიოზული მკურნალობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ადამიანების გამოჯანმრთელება. გულის კუნთის სერიოზული გართულება აუცილებლად გამოვლინდებოდა. როგორი მცირე რაოდენობაც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, განსაკუთრებით თუ რამდენჯერმე იყო გამოყენებული”, - განაცხადა ეკა ქურდაძემ.
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.