ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"დებატების კულტურა, თავისი ქარდების კეთების, რილსების, ვიდეოების და ა.შ. სუბკულტურებით, არის ყველა სოციუმისთვის/ქვეყნისთვის უნიკალური. სერიოზულ შეცდომას უშვებს ის, ვინც ამერიკულ და დასავლეთ ევროპის კულტურას უკეთებს გენერალიზაციას და დებატების რაღაც საშუალო დეფინიცია გამოყავს. დებატები ერთნაირი ფორმით და შინაარსით ევროპაშიც კი არ არის. იტალიაში და ბრიტანეთში, უნგრეთში და გერმანიაში დებატები სრულიად განსხვავებულია. კიდევ უფრო მძიმე შეცდომაა, დებატების რაღაც გენერალიზებული წესების და ჩვეულებების საქართველოზე პროეცირება - სამხრეთულ ქვეყანაზე, სუსტი დემოკრატიული ტრადიციებით, არტისტიზმისა და შოუსთვის შინაარსთან შედარებით უფრო დიდი მნიშვნოლბის მიმნიჭებელი კამათის (და არა დისკუსიის) კულტურით და თან რეპრესიების პიკში მყოფი ქვეყნის კონტექსტში.
თუ რამე იდენტური აქვს დებატებს მთელ სამყაროში, ეს არის ის, რომ ყველა დებატში არის გამარჯვებული და დამარცხებული მხარე, რაც მაყურებლის აღქმით ყალიბდება იქ და იმ წამს. უკან მიდევნებული ლამპარის სახით განმარტებები ამას არ უშველის და არც მონაწილეების IQ თვლა, საუბრის კულტურის და მანერის განხილვა და შინაგანი წესიერების ინდექსების გამოყვანა. საქართველოში კი, ხაზგასმულად და უპირობოდ, დებატები არის შეჯიბრი კამათში, რომელსაც ან იგებ, ან აგებ.
და ახლა იმას მაინც ნუ მოვყვებით აქ სერიოზულად, რომ მთლად დებატების კულტურასაც ვაყალიბებთ და საზოგადოებას ვზრდით ამ ფსევდოდებატების მეშვეობით. ჩხუბის მერე მუშტების ქნევას გავს." - წერს ნიკა გვარამია.