ლევან დავითაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ქვეყანა დატოვა
ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი BMG-სთან აცხადებს, რომ საქართველოდან საქმიანი ვიზიტის გამო გაემგზავრა, მაგრამ მიმდინარე კვირის ბოლოს დაბრუნდება.
"ჩვეულებრივ მიწევს ხოლმე საქმის გამო ვიზიტები. თითქმის ყოველ კვირას და ახლაც დაგეგმილი ვიზიტი მქონდა. კვირის ბოლოს ვბრუნდები, შემდეგ კვირას ისევ მიწევს წასვლა… რეალური ინფორმაცია ესაა", - უთხრა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა bm.ge-ს.
შეგახსენებთ: გუშინ, ლევან დავითაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობას და ამასთან დაკავშირებულ რისკებს შეეხებოდა.
ყოფილი ვიცე-პრემიერის ინტერვიუდან რამდენიმე წუთში სუს-მა განცხადება გაავრცელა, სადაც ლევან დავითაშვილს უზუსტობაში ამხელდა და წერდა, რომ "დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა".