"ბანკეტზე მოსწავლეებმა იტალიის საგზური მაჩუქეს" - რას ჰყვება მასწავლებელი, რომელიც სკოლიდან გაათავისუფლეს
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგი, ნატალია თურქაძე სამსახურიდან გუშინ გაათავისუფლეს.
როგორც ნატალია თურქაძემ "პალიტრავიდეო"-ს განუცხადა, მან 2025 წლის მაისში სადამრიგებლო მე-12 კლასი გააცილა. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულთა მშობლებმა ბანკეტზე მასწავლებელს მადლიერების ნიშნად იტალიაში მოგზაურობის საგზური გადასცეს.
პედაგოგის თქმით, აღნიშნული ფაქტიდან რვა თვის შემდეგ სკოლის მისამართით აუდიტის სამსახურის წერილი შევიდა, რომლის საფუძველზეც საკითხი დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა. კომიტეტმა დაადგინა, რომ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, რადგან საჩუქრის გადაცემის მომენტში ახალგაზრდები უკვე კურსდამთავრებულები იყვნენ და სასწავლო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენდა.
თუმცა დირექტორმა სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ჩვენ ვცადეთ სკოლის დირექტორთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.