"გელა დაიაურმა ოჯახი რომ შექმნა, თან მეცოდებოდა და მინდოდა, ბედნიერი ყოფილიყო, თან გული მტკიოდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება..." - თეონა ქუმსიაშვილის დედა
"თან გამიხარდა, თან გული მეტკინა... რაც გელა დაოჯახდა, ჩემთან აღარ მოსულა, მანამდე ყოველ ზაფხულს მოდიოდა, რჩებოდა... ამ ავარიის შემდეგ მეუღლე და ორი ძმა გარდამეცვალა. სულ სიკვდილს ვებრძვი… სიმართლე გითხრათ, მივეჩვიე კიდეც…" - ამის შესახებ თეონა ქუმსიაშვილის დედამ, ანასტასია ხმიადაშვილი-ქუმსიაშვილმა ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.
იხილეთ ამონარიდი ინტერვიუდან:
- თეონას მეუღლე, გელა დაიაური, მოდიოდა თქვენთან, გნახულობდათ, სანამ მეორედ დაოჯახდებოდა?
- კი, ყოველ ზაფხულს მოდიოდა, რჩებოდა. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, გელა და მისი დები ჩამოვიდნენ და პატივი მიაგეს. რაც გელა დაოჯახდა, აღარ მოსულა.
- როცა შეიტყეთ, რომ ოჯახი შექმნა, როგორ მიიღეთ ეს ამბავი?
- თან გამიხარდა, თან, გული მეტკინა, თან მეცოდებოდა და მინდოდა, ბედნიერი ყოფილიყო, თან, გული მტკიოდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ჩემმა მეუღლემ ორივე სიძეს უთხრა, დაოჯახდით და ბედნიერები იყავითო, მაგრამ დედის გული ხომ იცით...
ნათიას მეუღლეც დაოჯახდა და მეორე მეუღლისგან ბიჭი შეეძინა. სხვათა შორის, ჩემს სიძეს ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს. ჩემს შვილიშვილს, თამარს დედინაცვალიც უყვარს და ძმაც. მე კი ვერ მივდივარ ნათიას ოჯახში, რადგან ძნელია ჩემთვის, მაგრამ ჩემი თამარი რომ კმაყოფილია, მეც კმაყოფილი ვარ.
ცნობისთვის, 010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - "ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა, ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.