loader

"არც მიფიქრია, რომ ჩემს გარეგნობას შეეხებოდით და პირადშიც მომწერდით" - რას წერს უმძიმეს ავარიას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არც მიფიქრია, რომ ჩემს გარეგნობას შეეხებოდით და პირადშიც მომწერდით" - რას წერს უმძიმეს ავარიას გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე?

ლიკა კუჭუხიძე, რომელსაც ავარიაში ქმარი დაეღუპა და თავად სასწაულებრივად გადაურჩა სიკკდილს, სოციალურ ქსელში ნოე სულაბერიძესთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ საზოგადოების ნაწილს პასუხობს.

"ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ჩემთვის დიდი ნაბიჯი და დიდი ბრძოლა იყო.

ეს არ იყო უბრალოდ გამოსვლა, ეს იყო ჩემი თავის დაძლევა, ჩემი ტკივილების წინაშე დადგომა და მაინც საუბარი, მაგრამ მე ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა რომ გადავწყვიტე, არც მიფიქრია, რომ ჩემს გარეგნობას შეეხებოდით, მსგავს კომენტარებს დამიწერდით და პირადშიც მომწერდით. ვაიმე, სახელი და გვარი რომ არ წამეკითხა, ვერც ვიცნობდი ამ გოგოსო; ვაიმე, ეს ის გოგოა, როგორ შეცვლილა; ვაიმე, დარდისგან როგორი დაბერებულია; ვაიმე, თმა რატომ შეიჭრა? ვაიმე, როგორი შესიებული აქვს სახე.

ვიცი, რომ ამ კომენტარებს ცუდი მიზნით არ მიწერთ და ვიცი, რომ გული შეგტკივათ ჩემს ტრაგედიაზე, მაგრამ მე რომ საკმარისზე მეტი ძალა არ მქონდეს, ალბათ, ამ კომენტარების და პირადში მოწერების გამო თუ როგორი დაბერებული და შეცვლილი ვარ, ალბათ, მთელი ცხოვრება სახლში ჩავიკეტებოდი. საერთოდ, როგორ არ გიკვირთ, დღეს ასე რომ ვარ და მყარად ვდგავარ ფეხზე, იმ ყველაფრის მერე, რაც მე გადავიტანე? თმა კიდე ჩემი ნებით არ შემიჭრია, გადამპარსეს, როცა სიკვდილს ვებრძოდი და თავში იმპლანტი ჩადეს, რომ გაეკონტროლებინათ ყველაფერი, და ინვალიდის ეტლს რომ არ ვარ მიჯაჭვული, ეგ რატომ არ გიკვირთ? მე 2 თვე გაუნძრევლად ვიწექი რეანიმაციაში, რადგან ხერხემლის მალები მქონდა დაზიანებული, და ჩემი პატარა, უშნო მოძრაობის გამო შეიძლება ხერხემლის ძვლის ტვინი დაზიანებულიყო, რის შედეგადაც დღეს ხეიბარი ვიქნებოდი. ექიმებსაც კი უკვირთ, როგორ გადავურჩი ამ ყველაფერს, და თქვენ ჩემი ასეთი გარეგნობა როგორ გაკვირვებთ? თქვენ არ იყო ჩემს გადარჩენაზე რომ ლოცულობდით? რა გეგონათ, ისევ იმ გარეგნობის ლიკა დაგხვდებოდათ?

რაც არ უნდა ადამიანი შეცვლილი იყოს, ეს როგორ უნდა დაუწეროთ? მაგას სჯობს საერთოდ არაფერი დაწეროთ, და უბრალოდ ასქროლოთ პოსტი. კიდევ გავიმეორებ, რომ ჩემთვის ნოესთან ინტერვიუს ჩაწერა ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ვიცოდი, რომ ადამიანები, როგორც კარგ კომენტარებს, ასევე ცუდ კომენტარებსაც დაწერდნენ, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ გარეგნობაზე გაამახვილებდით ყურადღებას. მადლობა ღმერთს, რომ სიცოცხლე მაჩუქა და მადლობა თქვენ, ვინც ჩემზე ლოცულობდით. მე შევიყვარე ჩემი თავი, ისეთი როგორიც ახლა ვარ! და ნეტავ ჩემი ბაჩოც გადარჩენილიყო, და მასაც ებრძოლა ჩემსავით. ისიც შეცვლილი ყოფილიყო, არ ჰქონოდა ფეხი არ ჰქონოდა ხელი, მაგრამ ყოფილიყო ჩვენ გვერდით, ოღონდ ყოფილიყო, ესუნთქა და ეცხოვრა ჩვენთან ერთად" - წერს ლიკა კუჭუხიძე.