დატბორილი ქუჩები და წყალში მოცურავე ავტომობილები, არის მსხვერპლი - ვრცელდება კადრები დაღესტნიდან, სადაც ერთ კვირაზე მეტია წყალდიდობაა
ერთ კვირაზე მეტია, რაც დაღესტანი სტიქიურ წყალდიდობას ებრძვის.
2026 წლის მარტის ბოლოდან დაწყებულმა ინტენსიურმა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზიანა რეგიონი .
რუსეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის ნალექი ამ ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. სტიქიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, დაზიანდა საავტომობილო გზები და რკინიგზის ინფრასტრუქტურა.
წყალდიდობის შედეგად დაიტბორა 800-ზე მეტი სახლი, ხოლო 132 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მახაჩკალაში, სადაც მრავალი ქუჩა წყლით დაიფარა, ხოლო სხვადასხვა რაიონში მეწყრული პროცესები განვითარდა.
მედიის ცნობით მახაჩკალაში ჩამოინგრა სამსართულიანი შენობა. ჩამონგრევის საფრთხის გამო, კიდევ ოთხი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
მძიმე ვითარებაა დერბენტის რაიონშიც, სადაც ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, ხოლო გეჯუხის წყალსაცავის დამბა დაზიანდა. შექმნილი საფრთხის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
ნაწლავური ინფექციით კლინიკაში 2-დან 4 აპრილამდე 21 პაციენტი გადაიყვანეს. რაც სავარაუდოდ, სუფთა სასმელი წყლის დეფიციტთანაა დაკავშირებული.
წყალდიდობის ფონზე რეგიონში A ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, რათა თავიდან აიცილონ ინფექციის გავრცელება. პირველ ეტაპზე აცრას უტარებენ კვებისა და ვაჭრობის ობიექტების თანამშრომლებს, საკანალიზაციო ქსელების მუშაკებს, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ პირებსა და დროებით საცხოვრებელ პუნქტებში მყოფ მოსახლეობას.