"დავიჯერო, ვინმე მართლაც ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია შეგნებულად ითამაშოს ცუდად, ან ეროვნულ ნაკრებში "ფეხებს მოუფრთხილდეს"?!" - ბადრი კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესმა მიაღწია არნახულ მასშტაბებს: "ნაპოლისთან" ერთად მოიგო იტალიის ჩემპიონის ტიტული (ორჯერ) და "სერია ა"-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, "პარი სენ-ჟერმენს" პირველივე წელს მოაგებინა ჩემპიონთა ლიგის ნანატრი თასი (დანარჩენ გუნდურ თუ ინდივიდუალურ ტიტულებს აღარ ჩამოვთვლი) და გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ითამაშა ევროპის ჩვენთვის ისტორიულ ჩემპიონატზე, 24 წლის ასაკში დაიმსახურა ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლავური, დასახელდა "ოქროს ბურთის" ნომინანტთა შორის...
"კვირის პალიტრამ" ბადრი კვარაცხელიასთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს არაერთ საინტერესო თემაზე ვილაპარაკეთ. მათ შორის: ჩემპიონთა ლიგის კარს მომდგარ ნახევარფინალზე, ხვიჩას აგენტთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ბრიტანული კლუბების ინტერესზე, დამიანე კვარაცხელიაზე, რომელსაც "კოჭებში" უკვე ეტყობა, რომ აუცილებლად წავა ბაბუის, მამისა და ბიძის კვალზე და სხვ.
- პსჟ-ს პრეზიდენტმაც თქვა, რომ ხვიჩა ხელშეუხებელი ფეხბურთელია და არ იყიდება, მაგრამ... ბოლო დროს, მაინც ხშირად იწერება ინგლისური კლუბების ინტერესზე. გვარწმუნებენ, რომ განსაკუთრებით აქტიურობს ლონდონის "არსენალი", "კვარაცხელიას მხარე" კი მზადაა, შეთავაზება განიხილოსო... ვერ ვხედავ თუნდაც ერთ მიზეზს, რატომ უნდა დატოვოს "კვარამ" პარიზული კლუბი. რას ფიქრობენ ამ საკითხზე ხვიჩა და მისი აგენტი მამუკა ჯუღელი.
- მამუკა ჯუღელი აღარ არის ხვიჩას აგენტი. ეს გადაწყვეტილება ორივე ოჯახმა ერთად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ. ხვიჩაც აქ იყო და ერთობლივად გადავწყვიტეთ, თანამშრომლობა დაგვესრულებინა. მამუკა ჯუღელს, როგორც აგენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ხვიჩას კარიერულ წინსვლაში. მამუკას მადლობა ვუთხარით ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გააკეთა ხვიჩასთვის, ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ.
ამ ეტაპზე, ხვიჩას აგენტი არ ჰყავს. შემოთავაზებები არის, ბევრს აქვს კვარაცხელიასთან თანამშრომლობის სურვილი და ცხადია, სწორედ ხვიჩა და მისი ოჯახის წევრები გადავწყვეტთ, ვისთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.
ხვიჩა თამაშობს ძალიან ძლიერ და წარმატებულ კლუბში, სადაც უყვართ, ენდობიან, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია კლუბში, რომელიც ჩემპიონთა თასის ამჟამინდელი მფლობელი და მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალისტია - რატომ უნდა ფიქრობდეს სხვაგან წასვლაზე?! თუ პარიზულ კლუბს აღარ ექნება თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, წასვლაზე ჩვენც დავფიქრდებით, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს თემა არც კი განიხილება. იმის მიუხედავად, რომ ფრანგულ კლუბში საფრანგეთის ნაკრების წამყვან ფეხბურთელებთან უწევს კონკურენცია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ხვიჩა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობაც ხაზგასმით ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდისთვის ფასდაუდებელი მოთამაშეა. დიახ, ხშირად იწერება "არსენალისა" თუ სხვა ინგლისური კლუბების ინტერესზე, მაგრამ ჩემი შვილი ასეთ ცნობებს ყურადღებას არ აქცევს. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის გამორჩეული ფეხბურთელია, აფასებენ, უყვართ, თამაშობს და კლუბის შეცვლაზე რატომ უნდა იფიქროს?! ხვიჩა ფიქრობს მხოლოდ გუნდის ინტერესებზე და იმაზე, როგორ დაეხმაროს კლუბს, როგორ ასახელოს თავისი სამშობლო...
- თუმცა, არიან ისეთებიც, პატრიოტიზმის ნაკლებობას რომ აბრალებენ. და იმასაც ამტკიცებენ - ნაკრებში ბოლომდე არ იხარჯებაო...
- ხვიჩამ ასეთ რაღაცებს ყურადღება რომ მიაქციოს, ფეხბურთს ვერ ითამაშებს! პირიქით - მე მამშვიდებს ხოლმე, გულთან არ მიიტანო, ყურადღება არ მიაქციო, ასეთი შეფასებები კიდევ უფრო მაძლიერებს, მეტ სტიმულს მაძლევსო... თავისი შეხედულების დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, საფუძვლიანი კრიტიკა მისაღებიც არის და საჭიროც, მაგრამ ზოგჯერ, ისეთი აბსურდული ბრალდებები მხვდება, ვერც ვხვდები, რას გულისხმობენ... ხვიჩა ჯერ ახალგაზრდაა, შეიძლება შეცდეს კიდეც. ფეხბურთელს ხან გამოგივა უკეთ თამაში, ხან - არა. მაგრამ
დავიჯერო, ვინმე მართლაც ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია შეგნებულად ითამაშოს ცუდად, ან ეროვნულ ნაკრებში "ფეხებს მოუფრთხილდეს"?!