loader

1 ივლისიდან მოქალაქეებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, ახალი საბანკო შეზღუდვა უწესდებათ - გაეცანით სებ-ის გადაწყვეტილებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1 ივლისიდან მოქალაქეებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, ახალი საბანკო შეზღუდვა უწესდებათ - გაეცანით სებ-ის გადაწყვეტილებას

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი ლარში აქვთ, უცხოურ ვალუტაში 1 მლნ ლარზე ნაკლებ სესხს ვეღარ აიღებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო.

ვინ ვეღარ აიღებს სესხს უცხოურ ვალუტაში 1-ლი ივლისიდან

კერძოდ, კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2026 წლის 1-ელი ივლისიდან შევა.

"საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. გასული წლის განმავლობაში გლობალური ფინანსური პირობები შედარებით სტაბილური და ხელსაყრელი იყო. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ გლობალური ფინანსური პირობების ზომიერი გამკაცრება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ჭრილში ისინი კვლავ შედარებით შერბილებულად ნარჩუნდება, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მაღალია სასაქონლო ბაზრების შოკების, გლობალური ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებისა და ფინანსური პირობების შემდგომი გამკაცრების რისკები.

აღნიშნული გარემოებების ფონზე, ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ინსტრუმენტს და სებ-ი მის რეკალიბრაციას მომავალშიც მაკროეკონომიკური გარემოებებისა და პირობების მიხედვით გააგრძელებს.

ამასთან, აღსანიშნავია რომ ფინანსური დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილება ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების შესაბამისად და ასევე სარეზერვო ნორმის კორექტირების პოტენციური ეფექტის გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს",- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხებზე ზედა ზღვარი თავდაპირველად 2024 წლიდან აამოქმედა. 2024 წლის მაისიდან პირები, ვისაც შემოსავალი ლარში ჰქონდა, 400 ათას ლარამდე სესხს ვეღარ იღებდნენ უცხოურ ვალუტაში, 2025 წლის იანვრიდან ეს ზღვარი 500 ათას ლარამდე გაიზარდა, იმავე წლის აგვისტოდან - 750 ათას ლარამდე. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კი 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ეს ზღვარი კიდევ 250 ათასი ლარით, 1 მილიონ ლარამდე იზრდება.