რა თქვა სასამართლო პროცესზე ელისო კილაძემ? - "ამ საქმეს ჩამოგიშლით, ამის გეშინიათ... წიგნს ვწერ და იქნება ძალიან სკანდალური"
მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება. მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, - ამის შესახებ ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების“ ბრალდებით დაკავებულმა ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მისი საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პროცესის დაწყებისას საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენა.
ბერძენიშვილმა დახურვის საფუძვლად მოწმეთა უსაფრთხოება დაასახელა. კერძოდ კი, პროკურორის თქმით, პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება დიდი რისკის ქვეშაა, ვინაიდან ისინი მათ შორის, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან. ამასთან, მათზე შესაძლოა, ზეწოლა განხორციელდეს.
ელისო კილაძე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც ის აცხადებს, მდინარაძემ ისარგებლა იმით, რომ ბოლო პერიოდში ფარცხალაძის სახელი და გვარის აქტიურად ჟღერდებოდა და „ისიც მიაბა“. კილაძის თქმით, მთელი სამი თვეა, მისი და ფარცხალაძის კავშირი ვერ იპოვეს.
„პირდაპირ რომ დამხვრიტოთ, არა?... რა თქმა უნდა, დახურვას არ ვეთანხმები, ამ მოწმეების ვინაობა 3 თვეა, ცნობილია და არანაირი ზემოქმედება მათზე არ ყოფილა, ეს ყურით მოტანილი მიზეზია.
3 თვეა, სატელეფონო ზარები, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია და წერილები ამიკრძალეს.
მდინარაძის და გვარაკიძის ბრალს არ ვაღიარებ და არ ვეთანხმები, ეს არის მამუკა მდინარაძის შურისძიება, რადგან მისი კრიპტოსაფულე გამოვაქვეყნე, ეს აუცილებლად გამოძიებული იქნება დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების პირობებში.
ციხეში დავალპობო ნათქვამი აქვს[მდინარაძეს], ვნახოთ, ვინ, სად განაწილდება რუსთავის სამთავრობო კვარტალში...
მდინარაძის ოცნება დროებით ახდა, „ქრონიკა პლუსი“ დახურულია, „ფეისბუქიდან" ჩემი პოსტები წაშლილია, მე ვარ მამუკა მდინარაძის ტყვე, ის ელოდებოდა, რომ ვიტირებდი და თხოვნებს გავუგზავნიდი, ციხემ ვერ გამტეხა და ვერც გამტეხავს, ამ საქმეს ჩამოგიშლით, ამის გეშინიათ, ამიტომ ხურავთ ამ პროცესს რომ ჩუმად გამასამართლოთ, მაგრამ ასე ვერ იქნება. ციხეში ვიქნები თუ ციხის გარეთ, ბრძოლა რაც დაწყებულია, ბოლომდე მივა. განაგრძეთ კითხვა>>>