"ნამდვილი ავტორიტეტი მხოლოდ სახელითა და მემკვიდრეობით არ მიიღება, იგი უნდა დამსახურდეს" - რას წერს ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს:
"როდესაც ძალაუფლების მომპოვებელი საკუთარი შინაგანი სიმტკიცის, საზოგადოებრივი ნდობისა და ნამდვილი ავტორიტეტის საფუძველს ვერ პოულობს,იგი სხვის სახელთან, მეხსიერებასთან და ავტორიტეტთან ერთიანდება, რათა ნასესხები ავტორიტეტით გაამყაროს საკუთარი ძალაუფლება და შექმნას სანდოობის ილუზია. ასეთ დროს იგი სხვისი ავტორიტეტის ჩრდილში ცდილობს არსებობას. მაშინ ავტორიტეტი უკვე სულიერი თუ ისტორიული სიმაღლე აღარ არის, იგი პოლიტიკური რესურსი ხდება. ხოლო ძალაუფლება, რომელიც საკუთარ ხმას ვერ პოულობს, თანდათან სხვისი სახელის ექოდ იწყებს არსებობას.
ეს არის მდგომარეობა, როდესაც ძალაუფლება საკუთარ საფუძველს არა იდეაში, სამართლიანობასა და ნდობაში, არამედ სხვის სიმბოლურ კაპიტალში ეძებს. ასეთ დროს ავტორიტეტი აღარ აღიქმება როგორც პასუხისმგებლობა და შინაგანი ღირსება, არამედ იგი ძალაუფლების შესანარჩუნებელ ინსტრუმენტად იქცევა. თუმცა ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ სხვისი ავტორიტეტით შესაძლებელია ძალაუფლების დროებითი გამყარება, მაგრამ შეუძლებელია ნამდვილი შინაგანი ავტორიტეტის შექმნა. რადგან ნამდვილი ავტორიტეტი მხოლოდ სახელითა და მემკვიდრეობით არ მიიღება, იგი უნდა დამსახურდეს. ყველაზე მყიფე სწორედ ის ძალაუფლებაა, რომელიც საკუთარ სიმაღლეს ვერ ქმნის და ამიტომ სხვისი ჩრდილის სიგრძით ცდილობს საკუთარი ძალის გაზომვას," - წერს ზენონ იარაჯული.