"ორი დღის წინ სუს-მა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ამ მიმართულებით" - მამუკა მდინარაძე ე.წ. ჯაშუშების საქმეზე
დღეს ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მას შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთს ბრალი ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებაში ედება. მისივე თქმით, ჯაშუშობაში და ჯაშუშური ქსელის ერთგვარ ლიდერობაში იმხილება მეორე ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა.