როგორ ეხმაურება ნინი ბადურაშვილი მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს?
ცოტა ხნის წინ ნინი ბადურაშვილი მაყურებლის წინაშე ახალი კლიპით წარსდგა. მან სიმღერა ანსამბლ "შვიდკაცასთან" ერთად ჩაწერა. კლიპის პრემიერა "იუთუბზე" შედგა. კლიპის ავტორი ნინის დედა, ეკა კახიანია, ხოლო სიმღერის ტექსტი ეკუთვნის იეთიმ გურჯს.
სიმღერა, რომელსაც "ლამაზების პრეზიდენტო" ჰქვია, ბოლო დღეებია სოცქსელში განხილვის საგანია. უამრავი ადამიანი მას პოსტით ეხმაურება, მათ შორის არის პოლიტიკოსი ნიკა გვარამია, რომელიც წერს:
"ჩემს ძალებს აღემატება იმის წარმოდგენა, სააკაშვილის დროს რომ "ლამაზების პრეზიდენტო" ემღერა ვინმეს, რა მოხდებოდა. არ გეგონოთ, სისულელეზე მოვცდი. სინამდვილეში, იმაზე ვფიქრობ, როგორ მოახერხეს რუსებმა ის, რომ მაშინ ბუზიდან სპილოს აკეთებდნენ და დღეს - სპილოდან ბუზს" - წერს გვარამია.
მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ნინი ბადურაშვილი ეხმაურება. "ეს არის ძველი იეთიმ გურჯის ლექსზე შექმნილი სიმღერა. არავის არ ეძღვნება," - ამბობს მომღერალი.
"იეთიმ გურჯი (ნამდვილი სახელი და გვარი — იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი; 1875, თბილისი — 15 ივლისი, 1940, თბილისი) — ქართველი სახალხო მელექსე, აშუღი და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი. თავისი უნიკალური შემოქმედებითა და ხალხურ ტრადიციებზე დაფუძნებული პოეზიით მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ კულტურაში და დღემდე განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებენ!" - წერს ბადურაშვილი.
