ვრცელდება ემოციური კადრები - დაკარგული მამაკაცი, რომელმაც წალენჯიხაში, ადიდებულ მდინარეში შესული დედა-შვილი გადაარჩინა, ცოცხალი იპოვეს: ცნობილია მისი ვინაობა
ახალგაზრდა მამაკაცი - ირაკლი მაქაცარია, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ სქურში, მდინარეში მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში დედისა და ორი ბავშვის გადასარჩენად შევიდა.
ადგილობრივების ცნობით, მამაკაცმა მათი გადარჩენა შეძლო, თუმცა თვითონ ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
"09.08.2026 წლის დაახლოებით 17:02 საათზე, 112-ში შევიდა შეტყობინება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში, კურორტ სქურში მომხდარი შემთხვევის შესახებ. ადიდებულმა მდინარემ ოთხი მოქალაქე გაიტაცა, მათ შორის ორი ბავშვი. ადგილზე სამაშველო ჯგუფების მისვლისას სამი მოქალაქის უვნებლად გამოყვანა განხორციელდა, ხოლო 45 წლის მამაკაცის ადგილსამყოფლის დადგენა თავდაპირველად ვერ მოხერხდა, რომელიც ბავშვების დახმარებას ცდილობდა რა დროსაც იგი ჩქარმა დინებამ გაიტაცა.
ხანგრძლივი და ინტენსიური სამაშველო ღონისძიებების შედეგად მამაკაცი მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე, მთის მხარეს ცოცხალი იპოვეს. მისი გამოყვანა წარმატებით შეძლეს მაშველებმა და ამ დროისთვის მოქალაქე ი.მ. გადაყვანილია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.შემთხვევის შედეგად, ამ ეტაპზე, ოთხივე მოქალაქე უსაფრთხოდ არის" - წერს ცოტნე შონია სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.