"საშინელი ტრაგედია დატრიალდა... ადამიანი ქუჩაში მიდის და მთვრალი მძღოლი კლავს, მერამდენედ?" - ცნობილია სიღნაღში ავარიის შედეგად დაღუპულის ვინაობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. დაღუპული 37 წლის ნიკა ხატიაშვილია. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ტყუპი ბავშვი დარჩა.
არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მსუბუქი ავტომობილით 4 ადამიანს იმ დროს შეეჯახა, როცა ისინი ტროტუარზე იდგნენ. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
როგორც ადგილობრივი გვიყვება, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ისინი დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
ნიკა ხატიაშვილს სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან:
"ადამიანი ქუჩაში მიდის და მთვრალი მძღოლი კლავს, მერამდენედ?
ნიკა, საშინელი ტრაგედია დატრიალდა...
დეგენერატი, არაკაცი, სად გაიქცა, დაღუპა ანგელოზივით ბიჭი...
ნიკა უდიდესი ტკივილი ხარ შენ ჩვენი ყველასი! დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი უფალმა..
ნიკა ტიბაანის ტკივილი ხარ გენაცვალე, ძალიან კარგი ადამიანი წახვედი ამ ქვეყნიდან...
ვაიმე, ნიკა როგირი ტრაგედია დაატყდა შენს ოჯახს. უკარგესი ადამიანი, როგორ მეცოდები... "