"ცა ძალიან განათდაო, თვალი რომ გავახილე, ძირს ვეგდე და ჯოხიც ხელიდან მქონდა გადავარდნილიო" - მეჯვრისხევში მეხის ჩამოვარდნის შედეგად, 13 წლის მოზარდი დაშავდა: რა დეტალები ხდება ცნობილი?
მეჯვრისხევში, მეხის ჩამოვარდნის შედეგად, 13 წლის მოზარდი - შოთიკო მექვაბიშვილი დაშავდა. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად, მას გულმკერდის არე და ფეხის ქუსლი დაუზიანდა.
მათივე ცნობით, მოზარდი ამჟამად თბილისში, იაშვილის კლინიკაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
მინდორში მის გვერდით მყოფი მეორე მოზარდი - გოდერძი ელოშვილი კი ძლიერმა ტალღამ ძირს დააგდო, ბავშვს ხელიდან ჯოხიც კი გაუვარდა.
როგორც ბავშვების ახლობელი ამბობს, შემთხვევის დროს, ისინი ფერმაში იმყოფებოდნენ.
"წვიმა რომ დაიწყო, ბავშვები ეკლესიაში შესულან. ჩამქრალი სანთლები დაუნთიათ. თან პირჯვარი გადაუწერიათ. გიგო ზევით წასულა, საქონელი უნდა გამოერეკა. ბავშვებიც გამოვიდნენ ეკლესიიდან, რომ გიგოს დახმარებოდნენ. უცბად ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყო.
ცა ძალიან განათდაო. გოდე იხსენებს, რომ თვალი რომ გავახილე, ძირს ვეგდე და ჯოხიც ხელიდან მქონდა გადავარდნილიო. დაუნახავს, რომ შოთიკო გულწასული იყო, მაისური მაღლა ჰქონდა აწეული. გოდე ყვიროდა - შოთიკო, შოთიკო! შემდეგ ყვირილით სოფლისკენ გაიქცა, რათა ვინმე ეპოვა დასახმარებლად.
გოდეს გზაში თანასოფლელი გიორგი ჭაღინაშვილი შეხვდა მანქანით. ამასობაში გიგოც გამოჩნდა, დაუნახავს უგონოდ მყოფი შოთიკო, ხელშიაყვანილი მოჰყავდა. სხეული ცივი ჰქონდაო ბავშვს. გულწასული შოთიკო ბიჭებმა მანქანით მეჯვრისხევის პოლიციის განყოფილებისკენ წაიყვანეს, სადაც პოლიციელებმა იყოჩაღეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად გამოიძახეს.
მართლა სასწაულმა გადაგვირჩინა ბავშვები. უფლის გვერდში დგომა ვიგრძენით'' - ამბობს მანო გიგოლაშვილი.