სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს: რას ჰყვებიან ახლობლები თბილისში მოკლულ 17 წლის მოზარდზე? - "უჩხუბიათ რაღაც სადღეგრძელოს გამო, შენ ფეხზე რატომ არ ადექიო, მერე დაჭრა დანით და გაიქცა"
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული. არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტი სისხლისღვრით დასრულდა. მოკლულია 17 წლის დავით ნარიმანიძე. არსებული ინფორმაციით, მას თანატოლმა დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, დაჭრილი ახალგაზრდა გამთენიას ქუჩაში მოკლული ნახეს. ბრალდებულიც არასრულწლოვანია. დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.
როგორც ირკვევა, 9 სექტემბერს, საღამოს, არასრულწლოვნები ლოტკინზე, ერთ-ერთ "დრაივზე" იყვნენ შეკრებილები და იქ მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ამბობენ, რომ ადგილზე ათამდე ახალგაზრდა იმყოფებოდა. დაპირისპირება თურმე სადღეგრძელოს მოყვა, რის გამოც დათუნას ასე სადისტურად გაუსწორდა თანატოლი. არასრულწლოვანს დანით ჭრილობები ყელის არეშიც ჰქონია მიყენებული, რამაც სიკვდილი გამოიწვია.
"უჩხუბიათ რაღაც სადღეგრძელოს გამო, შენ ფეხზე რატომ არ ადექიო და დაუწყია ჩხუბი, მერე დაჭრა დანით და გაიქცა. დანარჩენებიც გაიქცნენ იქიდანო, ასე ამბობენ. დანით ჭრილობები მიაყენეს ბავშვს, ყელიც გამოუჭრია დამნაშავეს. არ ვიცი პოლიციაში ვინ დარეკა, ფაქტი ის არის რომ კიდევ ერთი ოჯახი ასე გამწარდა. შვილი აღარ ჰყავს, ვერც მეგობრებმა დაიცვეს", - ამბობს მოქალაქე.
სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს.