რა რისკის წინაშე დადგება საქართველო თუ რუსეთში "შავი ჭირის" შემთხვევები დადსტურდა?
მსოფლიო მედიისა და ჯანდაცვის სფეროს ყურადღების ცენტრში რუსეთში, კერძოდ ციმბირში განვითარებული მოვლენები მოექცა.
უცხოური მედიის ცნობებით, ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას უმძიმესი შედეგი მოჰყვა — 27 წლის ლაბორანტს, დარია შიპილოვას, მუშაობისას ცოცხალი ბაქტერიის შემცველი სინჯარა გაუტყდა, მან ეს ფაქტი დამალა, რის შედეგადაც ის უმძიმესი ინფექციით გარდაიცვალა. ინციდენტის შემდეგ რეგიონში რამდენიმე საავადმყოფო დაიკეტა, მასთან კონტაქტში მყოფი 200 პირი უკვე გამოვლინდა და ყველა მათგანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოფიციალური უწყებები ინციდენტს უარყოფენ და გარდაცვალების მიზეზად „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიას“ ასახელებენ, ადგილობრივ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ცნობების თანახმად მოსახლეობაში შიში და შეშფოთება გამოიწვია.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შავი ჭირი სწრაფად გავრცელებადი და უაღრესად საშიში ინფექციაა, ის ჰაერ-წვეთოვანი გზით ელვისებურად ვრცელდება, ახასიათებს მაღალი ლეტალობა და დროული, აგრესიული ანტიბიოტიკოთერაპიის გარეშე პაციენტის გადარჩენის შანსი მინიმალურია.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, შავი ჭირი წლებია მსოფლიო მასშტაბით არ დაფიქსირებულა.
თუ ოფიციალურად დადასტურდა რომ შემთხვევა ნადვილად შავ ჭირს უკავშირდება, რა რისკის წინაშე დადგება საქართველო?
ივანე ჩხაიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, აღნიშნავს, რომ რადგან შემთხვევა რუსეთის შორეულ რეგიონში დაფიქსირდა, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების ჩვენს ქვეყანაში შემოღწევის ალბათობა ძალიან დაბალია, შესაბამისად, ეს საქართველოსთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს.