"ქოცებო", ჩემი გაზიზინებული, გალოკილი, განვითარებული, წარმატებული ქვეყანა რად გადააქციეთ, თქვე უდღეურებო" - მიხეილ სააკაშვილი
გვეუბნებიან, რომ მშვიდობა გვაქვს, უნდა დავივიწყოთ ეს - რაის მშვიდობაა ეს? ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც მისი მაცხოვრებლები გარბიან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს იმედი და ოცნება გაუუქმა.
„ჩვენ არ გვაქვს კარგი ურთიერთობები სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და მალე ისინიც ჩვენი მტრები გახდებიან, ისე როგორც რუსეთი, მაშინ როდესაც ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები უნდა იყვნენ. ჩვენ აღარც საზღვრები გაგვაჩნია, აღარც თავდაცვა გვაქვს და სამაგიეროდ გვეუბნებიან, რომ მშვიდობა გვაქვს, უნდა დავივიწყოთ ეს - რაის მშვიდობაა ეს? ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც მისი მაცხოვრებლები გარბიან. დღეს მე მინდა ვილაპარაკო იმ თაობის წარმომადგენლებზე, რომელმაც კარგად ისწავლა სკოლაში და რომელიც დაბრუნდნენ ქვეყანაში, ამ ხალხს „ქართულმა ოცნებამ“ იმედი წაართვა, ამ ხალხს გაუუქმეთ იმედი და ოცნება. ნუ დატოვებთ თქვენ და ჩვენ არც დავტოვებთ, არც ერთ შემთხვევაში, იმ ხალხს ვინც საკუთარი და ქვეყნის წარმატება ერთმანეთს დაუკავშირა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ამ ცეცხლწაკიდებულ სახლს თავი უნდა დავაღწიოთ ახალგაზრდების მეშვეობით და მერე ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ, მერე შევქმნით ისეთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანს ექნება იმდენი ფული, რომ იყიდოს პროდუქტები, წამლები, ბავშვებს მოუაროს, შეძლოს წელიწადში ერთხელ დასვენება ორ წელიწადში ერთხელ ტურისტად წასვლა, ახალგაზრდებს კრედიტების გარეშე შეეძლოთ ბინის ყიდვა და კომუნალური გადასახადები არ იყოს პრობლემა.
„ქოცებო“, “მოით აქ” - ჩემი გაზიზინებული, გალოკილი, განვითარებული, წარმატებული ქვეყანა რად გადააქციეთ, თქვე უდღეურებო…
საშინელ დღეში ჩაყარეთ ყველა, მაგრამ ქართველი ხალხი განიკურნება თქვენგან, იმუნიტეტი გამოუმუშავდათ და თქვენ ჩაბრუნდებით იქ, საიდანაც ამოხვედით და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ გზას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.