"განცხადების გარეშე ვერ დავტოვებდით სეს-დან მიღებულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გაყიდვებიდან ვიღებთ ფარშის საკმაზის საეჭვო პარტიას" - სანელებლების კომპანიის დირექტორი განცხადებას ავრცელებს
ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას, რომელშიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევა აღმოაჩინა, ქსელური მარკეტებიდან სრულად ამოიღებენ, ასევე პარტნიორისგან ნედლეულის მიღებას შეაჩერებენ - განცხადებას სანელებლების კომპანია შპს "დაბის" ("ოჯახურის") დირექტორი ავრცელებს.
"ჩვენთვის ,"დაბიში“ არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, ვიდრე მომხმარებლის ჯანმრთელობა და მათთვის უსაფრთხო, ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, განცხადების გარეშე ვერ დავტოვებდით სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გაყიდვებიდან ვიღებთ ფარშის საკმაზის საეჭვო პარტიას და ამავდროულად ვაჩერებთ პარტნიორისგან ნედლეულის მიღებას.
ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებთ შესაბამის ორგანოებთან , რათა ყველაფერი უფრო ცხადი და ნათელი გახდეს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ფარშის საკმაზი, კონკრეტული პარტია (პარტიის ნომერი: 29.06.2026-29.06.2028) უახლოეს პერიოდში სრულად იქნება ამოღებული ქსელური მარკეტებიდან.
საკითხის დამატებითი, დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევით გადამოწმების მიზნით, პროდუქციის შესაბამისი ნიმუშები საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიას - Bior Laboratory-ს ეგზავნება.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ საკითხი ეხება მხოლოდ ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას და არ უკავშირდება კომპანიის მიერ წარმოებულ სხვა პროდუქციას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული პროდუქტის ხარისხისა და უვნებლობის უზრუნველყოფა, რის გამოც მუდმივად ვზრუნავთ HACCP-ის შესაბამისი სტანდარტებისა და მოთხოვნების დაცვაზე.
ჩვენი მთავარი პრინციპი უცვლელია - მაღალი ხარისხი, პროდუქციის უვნებლობა და საზოგადოების ნდობა.
ბოდიშს გიხდით შექმნილი გაუგებრობისთვის და გპირდებით ყველაფერს საფუძვლიანად გამოვიძიებთ.
რეკომენდაციის სახით მოგიწოდებთ, რომ აღნიშნული თარიღით წარმოებული პროდუქცია არ გამოიყენოთ ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებამდე.
პატივისცემით, ეკატერინე გუდავაძე" - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე იხილეთ: თუ შეძენილი გაქვთ ამ დასახელებით სუნელ-სანელებლები არ გამოიყენოთ! - სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს