"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღმოჩენილია გურამ დადიანიძის ნეშტი" - ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატი ნუცა თოფურია მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, გავრცელებულ დაუდასტურებელ ინფორმაციას არ დაუჯერონ.
“გურამ დადიანიძის საქმეზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღმოჩენილია გურამ დადიანიძის ნეშტი. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მსგავსი სახის დაუდასტურებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელება განსაკუთრებით მძიმე ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს გურამ დადიანიძის დედაზე, რომელიც წლებია შვილის შესახებ სიმართლის დადგენას ელოდება.
გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას და პატივი სცეთ დედის ემოციურ მდგომარეობას!“ - წერს ნუცა თოფურია.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.